გიორგი მიქაუტაძე - მესმის სერგო მეთოფიშვილის  უკმაყოფილება, მაგრამ, კეთილშობილური მიზეზები გვაქვს

პროცესი ძალიან ჭიანურდებოდა იმის გამო, რომ შემადგენლობა დიდია. ბევრი ადამიანი გამოდის სიტყვით და ა.შ ამიტომ, პარლამენტის თავმჯომარემ, რომელიც სამუშაო ჯგუფს ხელძღვანელობს, გამოთქვა სურვილი, რომ გაგვეკეთებინა შემცირებული ფორმატი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის განცხადებას.

საუბარია მეთოფიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმად ის უკმაყოფილებას გამოთქვს და კითხვები აქვს, თუ რატომ არ მიიწვიეს სასამართლო რეფორმირების თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. გიორგი მიქაუტაძის განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, რომ ჯგუფის შემადგენლობა ძალიან ფართო იყო და პროცესი ჭიანურდებოდა, რასაც მისივე განმარტებით, დაეთანხმა.

„პროცესი ძალიან ჭიანურდებოდა იმის გამო, რომ შემადგენლობა დიდია. ბევრი ადამიანი გამოდის სიტყვით და ა.შ. ამიტომ, პარლამენტის თავმჯომარემ, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, გამოთქვა სურვილი, რომ გაგვეკეთებინა შემცირებული ფორმატი. ეს საშუალებას მოგვცემდა უფრო ეფექტური ყოფილიყო სამუშაო ჯგუფი და უფრო ეფექტურად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა. სხვადასხვა მონაწილეებთან იყო თხოვნა, მათ შორის სასამართლო სისტემასთანაც, რომ შედარებით შეგვემცირებინა სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლობა. ამიტომ, მოგვიწია ჩვენ ამ შემადგენლობის კორექტირება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე მოსამართლე და არამოსამართლე წევრი, ასავე მოსამართლეები, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები, გამოაკლდნენ სამუშაო ჯგუფს“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

მისი განმარტებით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილია სასამართლო სისტემა, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები, იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

„გიორგი ტყავაძე მოსამართლეა, საბჭოს წევრი არ არის, მაგრამ არის სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს თავმჯდომარე. ანუ სკოლის რეფორმასთან დაკავშირებით საჭიროდ ჩაითვალა, რომ ბატონი გიორგი ყოფილიყო ამ შემადგენლობაში, რადგან ის კარგად იცნობს სკოლაში არსებულ ვითარებას და საჭიროებებს. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწია იმიტომ, რომ ფიზიკურად ეფექტური ვერ იყო სამუშაო ჯგუფი. მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ნაწილში დავეთანხმე და გაგებით მოვეკიდე იმას, რომ დიახ, მართალია შესაძლებელია, აღარ ისმის იმდენად ბევრი აზრი, რამდენიც მანამდე ისმოდა, მაგრამ მუშაობის ეფექტისთვის გაცილებით უკეთესია. ეს არის რეალური მიზეზი და აქ, ნადვილად არ ყოფილა ბატონი სერგოს, ან სხვა წევრების მიმართ რამე სხვა ზრახვები“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კითხვაზე, იუსტიციის საბჭოს ის მოსამართლე წევრები, რომლებიც სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს გამოაკლდნენ, იყვნენ თუ არა ამაზე ინფორმირებულები, გიორგი მიქაუტაძე განმარტავს, რომ ვის არ ჰქონდა ინფორმაცია, არ იცის. მისი თქმით, სასამართლოს რეფორმირების შესახებ შექმნილი სამუშაო ჯგუფის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ინფორმაციას საქართველოს პარლამენტისგან იღებს, რადგან წამყვანი როლი ამ საკითხში, საკანონმდებლო ორგანოს უჭირავს.

„პარლამენტი ნიშნავს შეხვედრებს, ადგენს დღის წესრიგს და ა.შ. მე, მესმის ბატონი სერგოს უკმაყოფილება, თუმცა მიზეზებზე ვისაუბრე. კეთილშობილური მიზეზები გვაქვს და არა ის, რომ რომელიმე წევრის დისტანცირება მომხდარიყო, იმიტომ, რომ მისი აზრი ვინმეს არ მოსწონდა. ეს არის გამორიცხული. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა ამის მიხედვით არ ირჩევა და ამას ასეთი ინტერეპრეტაცია არ უნდა მიეცეს, ამას ვადასტურებ ცალსახად“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

ბორჯომში, სასამართლო რეფორმირების თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შეხვეედრებს მართავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სამუშაო ჯგუფში ტრადიციულად მონაწილეობდა, თუმცა ბოლო ორ შეხვედრაზე თვითონ და საბჭოს სხვა მოსამართლე წევრები არ მიიწვიეს. მისი თქმით, მიზეზები უცნობია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს