რეგიონული განვითარების სამინისტრო - წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა არ დაზიანებულა და გადაადგილება უსაფრთხოა

წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული გზა სარემონტოა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„მიუხედავად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებული განცხადებისა, გუშინ კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი ახალი გზა რამდენიმე თვეში სარემონტო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ამ გზაზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.

წყნეთი-ბეთანიის გზის დასათვალიერებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მშენებელი კომპანია და პროექტის განხორციელებაში ჩართული გერმანელი სპეციალისტი ადგილზე იმყოფებოდნენ და მედიის წარმომადგენლებს წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია გასული წლის ზაფხულში დაასრულა. გზის რეაბილიტაციის პროექტში ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში, მაქსიმალურად მოხდა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინება.

საქართველოში პირველად დაინერგა ევროპული მეთოდი, რომელიც სპეციალური ბადეების დამონტაჟებას გულისხმობს. ეს ბადეები აჩერებს ინერციით მოძრავ ლოდებს. ასევე, დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემები, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს შემოსასვლელსა და გასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და უზრუნველყოფს გზის ავტომატურ ჩაკეტვას.

მშენებლობის პროცესში მოხდა საეჭვო ზონების დაბურღვა და ქანების ანკერული გამაგრება, დადგინდა დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელიც გათვლილია 8 ბალის სიმძლავრის სეისმურ ბიძგებსა და ჰიდროლოგიურ წნევებზე“, - აღიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა