ეროვნულმა ბანკმა წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის დებულება დაამტკიცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის (Net Stable Funding Ratio (NSFR)) შესახებ დებულება დაამტკიცა, რომლის მიზანს საბანკო სექტორის მიერ მოზიდული დაფინანსების სტაბილურობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ახალი პრუდენციული კოეფიციენტის მოთხოვნის მიხედვით, ბანკის ვალდებულებების სტრუქტურა მისივე საბალანსო და გარესაბალანსო აქტივობების ადეკვატური უნდა იყოს.

ამასთანავე, მათივე ინფორმაციით, რეგულაცია ხელს შეუწყობს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ვადიანობის ტრანსფორმაციით (როდესაც ბანკი იზიდავს მოკლევადიან სახსრებს და აბანდებს გრძელვადიან აქტივებში) წარმოშობილი რისკების შემცირებას, რაც მათ დაფინანსების გრძელვადიან, სტაბილურ წყაროებზე მეტი აქცენტის გაკეთების საშუალებას მისცემს.

ეროვნული ბანკის ცნობით, NSFR-ის სტანდარტი საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ გლობალური ფინანსური კრიზისის გამოცდილების გათვალიწინებით შემუშავდა და ბაზელ III-ის ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. NSFR-ის დებულება აღნიშნული სტანდარტის პრინციპებთან შესაბამისობაშია და, ამასთანავე, ითვალისწინებს ევროკავშირში მოქმედი დირექტივების (CRD IV - CRR ) მოთხოვნებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA - European Banking Authority) რეკომენდაციებს.

მათივე ინფორმაციით, ბანკების NSFR-ის ანგარიშგება 2018 ივნისიდან რეგულარულად იწარმოება. მასზე დაყრდნობით, მიმდინარე პერიოდში ყველა კომერციულ ბანკს საზედამხედველო მოთხოვნასთან მიმართებაში კომფორტული ბუფერი აქვს, რამაც ახალი რეგულაციის დანერგვა გააადვილა. გამჭვირვალობის ზრდის მიზნით, აღნიშნული ანგარიშგებები დაემატება პილარ 3-ის ფორმებს, რომლებიც კვარტალურად ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობისა და ფონდირების რისკების რეგულირებისთვის მინიმალური მოთხოვნა 1998 წლიდან დააწესა (ლიკვიდური აქტივები შეფარდებული მოკლევადიან ვალდებულებებთან ≥30% ). 2017 წელს ასევე დაინერგა ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) სტანდარტი. NSFR-ის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის 1-ლი იავრიდან, გაუქმდება არსებული 30%-ის მოთხოვნა და ის რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტად გადაიქცევა. შედეგად, ლიკვიდობისა და ფონდირების რისკთან მიმართებაში, სებ-ის მიდგომები სრულ თანხვედრაში მოვა ბაზელ III-ის პრინციპებთან.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
უპროცენტო განვადება და საჩუქარი მომხმარებელს - რას სთავაზობს კომპანია ,,ჯეო გლასი"
ბიზნეს-ცენტრი ატრიუმი - პრაქტიკული არჩევანი
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი წყნეთში გაიხსნა
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს საქმიანობის პოპულარიზაციაში დაეხმარება
ლიბერთი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო