დავით ზალკალიანი - სერბეთთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული გამოცდილების გაზიარების კუთხით

საქართველოს სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ივიცა დაჩიჩი სტუმრობს.

ვიზიტის ფარგლებში სერბ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი და მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სერბ და ქართველ ხალხს ისტორიული წარსული და კულტურული კავშირები აკავშირებით. ამასთან, ორივე ქვეყანა ევროპულ ფასეულობებს და საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპების პატივს სცემს.

„ჩვენ პრინციპულ პოზიციას ვინარჩუნებთ ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სერბეთთან აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპული გამოცდილების გაზიარების კუთხით",- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, სერბეთ - საქართველოს ურთიერთობებში პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და სწორედ აღნიშნული ურთიერთობების გაძლიერებას ემსახურება მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში დაგეგმილი მთავრობათშორისი კომისიის სესია.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ორ ქვეყანას შორის ტექნიკური ბარიერები ვაჭრობის, ინვესტიციების სფეროში და ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების მეთაურებმა დღეს შეხვედრის დროს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მინისტრის თქმით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით სერბ კოლეგასთან ხედვები თანხვედრაშია.

„მე ბატონ მინისტრს მივაწოდე ინფორმაცია, რომელიც შექმნილია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებზე, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკების პროცესის შესახებ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელიც მიმართულია ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

სერბეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერბეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსა შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა