იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ზაზა ხარებავა  - იმის თქმა, რომ იურიდიული ბიოგრაფია არ გამაჩნია, სასაცილოა და ზნეობრივიც არ არის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ზაზა ხარებავას განცხადებით, უსაფუძვლოა საუბარი იმაზე, რომ ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კანონდარღვევით არის წარდგენილი.

როგორც ხარებავამ ბრიფინგზე განაცხადა, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2017 წელს პარლამენტმა ხარებავა საბჭოში კანონდარღვევით წარადგინა. მისივე განმარტებით, საბჭოს კანდიდატად პარლამენტს მისი კანდიდატურა საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი" შესთავაზა. მისი თქმით, წარდგენისას დაცული იყო კანონის, რეგლამენტის ყველა მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ხარებავას განმარტებით, მისთვის გაუგებარია 2 წლის თავზე საუბარი იმაზე, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონდარღევითაა წარდგენილი.

„რაც შეეხება კონკრეტულ კითხვებს, რომელიც არაერთი მედიასაშუალებით და სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ჩემს წარმდგენ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია იყო კვალიფიციური. მე ამ ორგანიზაციისგან მქონდა შესაბამისი დოკუმენტები, რაც პარლამენტში წარვადგინე. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომელშიც შემდგომ მოხვდა ეს დოკუმენტაცია, მიჩნეულ იქნა, რომ არავითარი ხარვეზი იქ არ ყოფილა“, - განაცხადა ხარებავამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა ეკა ბესელიას განცხადებას, რომ თავის დროზე ზაზა ხარებავას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად არჩევის თაობაზე ცხარე კამათი მოჰყვა გუნდის შიგნით, რადგან მას ლობირებას ვანო ზარდიაშვილი უწევდა და ეს საკითხი პარტიის თავმჯდომარემაც კი იცოდა, ხარებავა პასუხობს, რომ „ეს არის მოგონილი ინტერპეტაცია“.

ამასთან, კითხვაზე აქვს თუ არა რაიმე კავშირი სასამართლოში არსებულ ე.წ. კლანთან, იგივე მიხეილ ჩინჩალაძესთან, ზაზა ხარებავა პასუხობს, რომ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს საერთოდ არ იცნობს. მისი თქმით, მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე ირაკლი შენგელია მისი მეჯვარეა, თუმცა აქ რაიმე „კლანს"და მასთან კავშირს ვერ ხედავს.

„ვიღაცა ვიღაცის მეჯვარეა,ნათლიაა,მაგრამ ახლა, ამას თუ ასე დავაკავშირებთ, მაშინ მივალთ სადღაც გაურკვევლობამდე. მე საბჭოს გადაწყვეტილებებს მხარს ყოველთვის არ ვუჭერ“, - განაცხადა ზაზა ხარებავამ.

რაც შეეხება 2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კანდიდატთა 10- კაციანი სია წარუდგინა პარლამენტს განსახილველად,ასევე მოსამართლე ლევან მურუსიძის უვადოდ გამწესების საკითხს, გაიზიარა თუ არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, ზაზა ხარებავა განმარტავს, რომ კენჭისყრის პროცესი კონფიდენციალურია და ამ ფარულობის დარღვევა პირდაპირ კანონის დარღვევაა. ამიტომ, ხარებავას თქმით, მისი მხრიდან არასწორია საუბარი იმაზე, თუ რას დაუჭირა მხარი.

„მაინტერესებს, დღეს, 2 წლის თავზე რატომ დადგა დღის წესრიგში საკითხი ჩემი ლეგიტიმურად არჩევის თაობაზე, მაშინ, როცა ამაზე საუბარი იგივე ახლო პროცესში შეიძლებოდა. ვფიქრობ, რომ ეს სხვა ჭრილში გადადის, რაც პოლიტიკურ თემებს უკავშირდება. მე პოლიტიკასთან კავშირი არასდროს მქონია. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ორჯერ მეტი იურიდიული საქმიანობის სტაჟი მაქვს. 25 წელი იურიდიულ სფეროში ვარ. აქედან თითქმის ყველა დღე მჭიდროდაა დაკავშირებული სასამართლოსთან. ამიტომ, იმის თქმა, რომ მე იურიდიული ბიოგრაფია არ გამაჩნია, ცოტა სასაცილოა და ზნეობრივი არ არის", - განაცხადა ხარებავამ.

იხილეთ ვიდეო: უსამართლოა საუბარი იმაზე, რომ ჩემი არჩევა კანონდარღვევით მოხდა - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო