კითხვაზე, 30-40 წლის შემდეგ, საქართველოში საბაზისო პენსია იქნება თუ არა სამყოფი, ფინანსთა მინისტრი პასუხობს: „საბაზისო ცალკე არ იქნება სამყოფი. სამყოფი იქნება საბაზისო დაგროვებითთან ერთად“

დაგროვებითი პენსია იქნება ის მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების თაობას მისცემს მნიშვნელოვან და ღირსეულ პენსიას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დაგროვებით პენსიასა და ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დაგროვებითი პენსია, შედეგს 20 წელიწადში იძლევა და მისი შედეგების განსაზღვრა, დიდი ალბათობით, შესაძლებელია.

„საბაზისო პენსია ვერასდროს ვერ აჯობებს და გაუსწრებს დაგროვებით პენსიას. ამ შემთხვევაში, ეს თუ მოხდა, ნიშნავს, რომ ჩვენ რომ პენსიის იგივე ზრდას მივაღწიოთ საბაზისო ზრდით, რის საშუალებასაც გვაძლევს დაგროვებითი პენსია, მაშინ წარმოუდგენლად მაღალი გადასახადები უნდა იყოს ამ ქვეყანაში და პრაქტიკულად, ბიზნესს და ეკონომიკას დავახრჩობთ.

მხოლოს საბაზისოზე არ უნდა დავრჩეთ. საბაზისოს ეძახიან რამდენიმე სვეტიანს. ის ერთ-ერთ სვეტად დარჩება, თუმცა მთელი ჩვენი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ დაგროვებითი პენსია იქნება ის მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი შვილების თაობას მისცემს მნიშვნელოვან და ღირსეულ პენსიას. არც ჩვენს ბებია-ბაბუებს ჰქონდათ საქართველოში კარგი პენსია. საქართველოში კარგი პენსია არავის არ ჰქონია. მართლა ძალიან ცოტა იყო. დედა 80 წლის მყავს და ზუსტად ვიცი, რამდენად პრობლემატურია და მე მგონია, ცოტა გაუმჯობესებულ პენსიას ჩვენი შვილების თაობა მოესწრება. ეს რეფორმა 20 წელიწადში იძლევა შედეგს. საპენსიო რეფორმის შედეგები დათვლადია, ცხადია და დიდი ალბათობით, შეგვიძლია ვთქვათ, მომავალში რა იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.

წამყვანის კითხვაზე, 30-40 წლის შემდეგ, საქართველოში საბაზისო პენსია იქნება თუ არა სამყოფი, ფინანსთა მინისტრი პასუხობს: „საბაზისო ცალკე არ იქნება სამყოფი. სამყოფი იქნება საბაზისო დაგროვებითთან ერთად. საბაზისომ რომ მიაღწიოს ისეთივე დონეს, როგორიც იქნება დაგროვებითთან ერთად, გადასახადები ისეთი იქნება, რომ რაც არის, ისიც დაიხურება. ბიზნესს არავინ აღარ აწარმოებს. შეუძლებლად მაღალი უნდა იყოს საგადასახადო ტვირთი“, - აღნიშნა მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო