„ევროპული საქართველო“ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან შეთანხმების დარღვევაზე საუბრობს და ამომრჩევლებს შეთანხმებული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.

ამასთან, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლისგანაც მხარდაჭერის იმედს გამოთქვამს. ამ თემაზე განცხადება პარლამენტში "ევროპული საქართველოს" წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.

"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა.

ამიტომ მივმართეთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმ-ს და 6 საარჩევნო ერთეულში „ევროპული საქართველოს“ შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ენმ-ის ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში, ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია.

ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს, (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ამასთან, როგორც აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შუალედური არჩევნების შემდეგ გაიმართება მსჯელობა თუ რატომ მოხდა შეთანხმების დარღვევა, რათა 2020 წლის არჩევნებისთვის მსგავსი პრეცედენტების თავიდან არიდება იყოს შესაძლებელი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს