კახა კალაძე - მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა

მას შემდეგ რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან მეტროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა პროექტზე მუშაობა დაწყებულია, მათ შორის ძალოვანი კაბელის გამოცვლის პროექტზე.

"პრობლემები არის. მთავრობის გასულ სხდომებზე გავაკეთე განცხადება ზუსტად იმაზე, რომ დაწყებული გვაქვს პროექტი ძალოვანი კაბელის შეცვლასთან დაკავშირებით. ეს იქნება ახალი, ევროპული ტიპის ბოჭკოვანი კაბელი. 1966 წლის შემდეგ, როცა მეტრომ ფუნქციონირება დაიწყო, არანაირი ცვლილება არ ყოფილა, იმ დროს გაკეთებული ძალოვანი კაბელი დღესაც ფუნქციონირებს. აუცილებელია ამის მოწესრიგება. 17 მილიონი დოლარი გამოგვიყო აზიის განვითარების ბანკმა ამ პროექტის განხორციელებისთვის. უკვე გვყავს ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ივნისის ბოლოსთვის დაიწყება სამუშაოები, რომელთა წარმოების დრო მალე მეცოდინება. შეიძლება თითო საათით შემცირდეს მეტროს მუშაობა, როგორც დილის, ასევე საღამოს საათებში, რომ კომპანიას ჰქონდეს მეტი დრო, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს 450 კილომეტრის სიგრძის ძალოვანი კაბელისა და ასევე სასიგნალიზაციო და სავენტილაციო სისტემების ცვლილება", - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვაგონების რეაბილიტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებითაც მუშაობა მხოლოდ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო.

„სამუშაოებზე პირდაპირ ვთქვათ, 20-30 წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა მეტროში, ერთადერთი ნარმანიას დროს დაიწყო ვაგონების რეაბილიტაცია. ჩვენი პრიორიტეტია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, უკვე რეაბილიტირებული ვაგონები დღეს ხაზზე გამართულად მუშაობს და სხვათა შორის, 15 ვაგონის რეაბილიტაცია დღეს დაწყებულია, რომელიც მეტროს სექტემბერში დაემატება და დაახლოებით 60%-ით გაიზრდება არსებული ვაგონების რაოდენობა. ეს მოგვცემს კიდევ უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ 15 ვაგონით ვამთავრებთ რეაბილიტაციის სამუშაოებს, რადგან დანარჩენი ძველი ვაგონები რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. მოგვიწევს ახალი, ევროპული ტიპის ვაგონების შესყიდვა", - განაცხადა მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ბოლო წლებში საუბარი იყო ესკალატორების ექსპლუატაციის ვადის გასვლაზე, კალაძემ უპასუხა, რომ მეტროში ყველა არსებული პრობლემა თანდათან მოგვარდება.

„მას შემდეგ, რაც მეტრო გაიხსნა, თითი არ დაუკარებია არავის, არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ განხორციელებულა. იყო მხოლოდ შეკეთებები. გვაქვს მიდგომა, რომ ძირეულად და ეტაპობრივად მივყვეთ ამას. მე იმას ნუ მომთხოვთ, ერთ წელში გავაკეთო ის, რაც 1966 წლის შემდეგ არ გაკეთებულა. ამას ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები იდგმება, აღნიშნული პროექტები ხორციელდება და ეტაპობრივად ყველაფერი გაკეთდება. მაგალითად შპალები, რაც ლიანდაგის ქვემოთაა განთავსებული, დღემდე მხოლოდ 5 000 ცალია ჩანაცვლებული, მათი მთლიანი რაოდენობა დაახლოებით 110 000-ია. ეს სწორი მიდგომა და დამოკიდებულება იყო? რა თქმა უნდა, არა. თუმცა მოგვარებადია ყველაფერი და აუცილებლად შევძლებთ", - განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო