პროკურორი ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას გამორიცხავს

საერთაშორისო ძებნაში მყოფი ნიჟნი ნოვგოროდის საკრებულოს დეპუტატების, ძმები ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვების პოლიტიკური ნიშნით დევნას საქმის პროკურორი ნანიკო ზაზუნაშვილი გამორიცხავს.

"ეს შესაძლოა, დაცვის მხარის პოზიცია იყოს, მაგრამ იმ მასალებით, რაც ხელთ გვაქვს, ეს არ დასტურდება. საფუძვლიანად შევისწავლეთ ყველა გარემოება, მათ შორის, ცალკეული ნიშნით დევნის საფრთხეები, ექსტრადიციის შემთხვევაში, უფლებების დარღვევის საფრთხე და მივიჩნიეთ, რომ მსგავსი არ იკვეთება. ამაში დაგვეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოც და ამასთან დაკავშირებით უკვე მსჯელობს უზენაესი სასამართლო", - აცხადებს ზაზუნაშვილი.

მისივე განმარტებით, რადგან ძმების საექსტრადიციო პროცედურების დასრულება 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე ვერ ხერხდებოდა, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენება მოითხოვეს.

„დაკავების მომენტიდან არსებობდა მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის მომატებული საფრთხე. გარკვეულ ეტაპზე, თუკი ჩანს, რომ საექსტრადიციო პროცედურების დასრულება ვერ ხერხდება, ამ შემთხვევაში, საექსტრადიციო პატიმრობის სხვა აღკვეთი ღონისძიებით შეცვლა ხდება. ვინაიდან ამ ეტაპზე ობიექტურად ვერ ხერხდება საექსტრადიციო პროცედურების დასრულება, აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა", - აცხადებს პროკურორი.

კითხვაზე, თუ რატომ არ დააკავეს საერთაშორისო ძებნაში მყოფი პირები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 6 თვის განმავლობაში, ზაზუნაშვილი პასუხობს, რომ ინფორმაციის დამუშავებას გარკვეული დრო სჭირდებოდა.

„თავისუფლებაში ახლა სხვა ძებნილი პირიც შეიძლება იყოს, მათი დაკავება მას შემდეგ ხდება, რაც ინფორმაციას იღებს შესაბამისი სამართალდამცავი ორგანო და მიაგნებს მათ კვალს. შესაძლოა, ინფორმაცია გქონდეს გარკვეულ პირთან დაკავშირებით, რომ საქართველოში იმყოფება, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული დრო. ამას შეიძლება 6 თვე კი არა, ერთი წელიც დასჭირდეს, ეს კონკრეტულ გარემოებებზეა დამოკიდებული", - აცხადებს ზაზუნაშვილი.

ალექსანდრე და ვლადიმირ გლუშკოვებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა დღეს 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ. ძმები - ალექსანდრე და ვლადიმერ გლუშკოვები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ, საქართველოში 2018 წლის აგვისტოში დააკავეს. ძმები გლუშკოვები რუსეთში თაღლითობასა და კორუფციაში არიან ბრალდებულები. გამოძიების ინფორმაციით, 2015 წლის ივლისში ალექსანდრე გლუშკოვმა თავისი ძმის შუამავლობით სამშენებლო ფირმის ხელმძღვანელისგან მიიღო ქრთამი ექვსი მილიონი რუბლის ოდენობით მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის სანაცვლოდ. ამას გარდა, 2013-2016 წლებში ძმებმა გლუშკოვებმა სხვა პირებთან ერთად ავტოსადგურის კომპლექსის რეკონსტრუქციის საბაბით აღნიშნულ ტერიტორიაზე ორსართულიანი სავაჭრო ცენტრის შენობა ააშენეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს