ქეთევან ციხელაშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ნიქოზის სანერგე მეურნეობა დაათვალიერა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზის” სანერგე მეურნეობა დაათვალიერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სანერგე მეურნეობა ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში შექმნა. იგი გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, გიორგი მჭედლიძის სანერგე მეურნეობა ყველაზე თვალსაჩინო განაცხადია იმისა, თუ რა არის საქართველოს პოლიტიკა და რომ მავთულხლართები განვითარებით, შრომისმოყვარეობითა და საქმით აუცილებლად დაიშლება.

„ვფიქრობ, რომ ეს სანერგე მეურნეობა მარტო მეურნეობა არ არის. თუ ჩვენ დღეს პატრიოტიზმზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ აქ ყველაფერი თავს იყრის. ამ ადამიანმა საკუთარი შრომით, მონდომებით, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, ზედ საოკუპაციო ხაზთან უზარმაზარი მეურნეობა გააშენა. ამით ის არა მხოლოდ ამ მეურნეობისა და ნიქოზის განვითარებისათვის ზრუნავს, არამედ ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის მეორე მხარეს, საიდანაც ადამიანები ამას უყურებენ და ხედავენ, რომ განვითარებაა ერთადერთი გზა მომავლისაკენ და არა ის მავთულხლართები, რომლის იზოლაციაშიც დღეს არიან.

ეს ადამიანი ასევე აპირებს, რომ აქ ქართულ-ოსური მეგობრობის ხეივანი გააშენოს. მგონია, რომ მისი ეს განზრახვა ძალიან კარგად გამოხატავს ამ პატრიოტულ სულისკვეთებას და იმას, რისი თქმაც თავისი საქმით უნდა - ეს არის შერიგების გზავნილი. ნიქოზი ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია იმისა, რომ მავთულხლართებს განვითარებით უნდა დავუპირისპირდეთ. მთავრობის თანხმობა არსებობს და ჩვენ გავაგრძელებთ სოფლების, მოსახლეობის მხარდაჭერას, რათა განვითარდნენ, ასეთი მეურნეობები გააკეთონ, თავადაც მიიღონ სარგებელი და, რა თქმა უნდა, ამ ერთიანი ძალისხმევით შევძლოთ მავთულხლართების დანგრევა. კონტრასტი თვალსაჩინოა - გაიხედეთ იქით მხარეს და შეხედეთ, რა ხდება კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ შეუძლებელია მუდმივად იზოლაციაში დაატყვევო პერსპექტივა წართმეული ადამიანები მაშინ, როდესაც ისინი ცხვირწინ განვითარების პერსპექტივას ხედავენ. გამყოფი ხაზებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას ნიქოზშიც და სხვა სოფლებშიც აუცილებლად გავაგრძელებთ. ამისათვის განვითარების სტრატეგია გვაქვს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა