იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა უმრავლესობას ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა უმრავლესობას ეკა ბესელიას და გედევან ფოფხაძის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ისახავს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 272-ე მუხლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანას. მოსალოდნელია, რომ კომიტეტი დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარს არ დაუჭერს.

როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უმრავლესობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნების მიზეზად სასამართლოს გადატვირთულობა დასახელდა. მისი განცხადებით, ის უმრავლესობისგან ისეთ შეთავაზებებს ვერ მიიღებს, რაც მოქალაქეების უფლებას - გაასაჩივრონ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება - ხელს შეუშლის.

"არგუმენტი ერთადერთია, რომ სასამართლო არ გადაიტვირთოსო. ამაზე იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და თქვა, რომ იფიქრა სასამართლოს გადატვირთულობაზე, მაგრამ უპირატესობა მიანიჭა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლების დაცვის გარანტიებს და თქვა, რომ სასამართლოს გადატვირთულობაზეც იმ კონტექსტში უნდა ვიფიქროთ, რომ სასამართლო მოქალაქეებს ეფექტიანად მოემსახუროს. ამიტომ ეს არგუმენტი არ ვარგა. ისეთ შეთავაზებებს ვერ გავიზიარებ, რომელიც მოქალაქისთვის უარის თქმის ტოლფასი იქნება," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გააუქმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნორმა, რომლის მიხედვით ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ საჩივრდებოდა. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს დაავალა, რომ ნორმის გაუქმებიდან გამომდინარე საჭირო ცვლილებები კანონში 2019 წლის 31 მარტამდე აესახა. შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი კი პარლამენტს ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ წარუდგინეს.

იურიდიული კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ის თავად აპირებს აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტი მოამზადოს. როგორც ბესელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მისი და ოხანაშვილის კანონპროექტების მთავარი განმასხვავებელი იქნება ისეთი ბარიერის შემოღება, რომელიც აზრს დაუკარგავს გასაჩივრებას.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს