მიხეილ ბატიაშვილი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი  განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების ხარისხის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრი ხდება და ევროპულ ოჯახს კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი - განათლების მიმართულებით ვუერთდებით“, - ამის შესახებ ტალინში, სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

„ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია (ENQA)“ ევროპაში ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. ასოციაციის წევრობა გულისხმობს იმის აღიარებას, რომ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისი გახდება და ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს - სამინისტროს მიერ შესრულებული მნიშვნელოვანი სამუშაო, ის რეფორმები, რომლებზეც ვმუშაობთ და რომელიც განათლების სექტორის სრულ ტრანსფორმაციას გულისხმობს. სამომავლოდ ეს ნიშნავს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მეტ ინტერნაციონალიზაციას, ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე. მადლობა იმ თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ ხანგრძლივ და შრომატევად პროცესში. ამ პროცესის გარდა, დღევანდელი გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს მთავრობის ინიციატივამ, რომლის მიხედვით განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება. ამ გადაწყვეტილებით ENQA-მ ნდობა გამოგვიცხადა და ამავდროულად დაგვეკისრა უდიდესი პასუხისმგებლობაც, რომელსაც განათლების რეფორმის ფარგლებში, მთლიანი სისტემის ტრანსფორმაციით უნდა გავართვათ თავი”, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს: საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში;საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას; ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები. მათივე ცნობით, განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.