„კავკასიის ბუნების ფონდის“ დირექტორთა საბჭოს წევრი ტედ ჯონასი -  ხელისუფლება  აშენებს ჰესებს რაიმე გეგმის ან კონტროლის გარეშე

არ ვამბობ, რომ ყველა ჰესი ცუდია. ცუდი ის არის, რომ ისინი შენდება ყველგან, სადაც კი მათი აშენება შეიძლება. ჩანს, რომ არ არის გეგმა, - ამის შესახებ „კავკასიის ბუნების ფონდის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ტედ ჯონასმა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჯონასმა ქვეყანაში არსებულ გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შერწყმას. გარემოსდამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტრო რეალურად გაუქმდა და ამის მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იყო.

„ხელისუფლება აუქმებს სამინისტროს, რომ ააშენოს საავტომობილო გზები დაცულ ზონებში და აშენებს ჰესებს რაიმე გეგმის ან კონტროლის გარეშე. არ ვამბობ, რომ ყველა ჰესი ცუდია. ცუდი ისაა, რომ ისინი შენდება ყველაგან, სადაც კი მათი აშენება შეიძლება. ჩანს, რომ არ არის გეგმა. შეხედეთ, გაქვთ ტურიზმი, რომელმაც 2017 წელს 2 მილიარდი დოლარი მოუტანა ეკონომიკას. ეს მაშინ, როცა 18 მილიონი დოლარია ელექტროენერგიის ექსპორტიდან შემოსული თანხა. შეადარეთ 2 მილიარდი 18 მილიონს, რომელიც სწორედ ჰესებიდან და ენერგიის ექსპორტიდან შემოვიდა. მთავრობის პოლიტიკა კი აჩვენებს, თითქოს ჰესების მშენებლობა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს. ეს ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკურად ნამდვილად არ არის ასე“, - აღნიშნავს ტედ ჯონასი.

ამასთან „კავკასიის ბუნების ფონდის“ დირექტორთა საბჭოს წევრი დედაქალაქში არსებულ ვითარებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თბილისში გარემოს დაცვის კუთხით ვითარება მძიმეა.

„თბილისში ჰაერის დაბინძურება, გადაჭარბებული განაშენიანება, საცობები, მწვანე სივრცეების ნაკლებობა, იმდენად მწვავე გახდა, რომ ამ მიმართულებით წნეხი არათუ გარემოსდამცველი აქტივისტებისგან, არამედ ბიზნეს საზოგადოებიდანაც გაიზარდა. ისინი მიხვდნენ, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს ცუდი ხარისხის საწვავთან, ავტომობილების ინსპექციასთან და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. მათი ოჯახის წევრებიც ამ ქალაქში ცხოვრობენ და გარდა ამისა, ისინიც ვეღარ შეძლებენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, თუკი თბილისი საცხოვრებლად გამოუსადეგარი ქალაქი იქნება. ეს ამ ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს. ის, რომ თბილისი უფრო მეტად ჰგავდეს ევროპულ ქალაქებს, ნიშნავს, რომ უნდა ჰქონდეს კარგი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კარგი ტროტუარები, კარგი სასეირნო ადგილები, დაბინძურებისა და მანქანების რაოდენობის კონტროლი, განვითარების კონტროლი. გვინდა, რომ ვგავდეთ ვენას, თუ სტამბოლსა და თეირანს? ესაა თბილისის წინაშე არსებული შეკითხვა. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეს შეიძლება წავიდეს ნებისმიერ მხარეს. დიდი ზიანია მიყენებული, მაგრამ სრულად განადგურებული არ არის. თბილისი შეიძლება კვლავ განვითარდეს იმ მიმართულებით, რომ ბერლინს და ვენას ჰგავდეს, ან პირიქით, დაემსგავსოს სტამბოლსა და თეირანს, სადაც ყოველი წერტილი, სივრცე ათვისებულია და ცუდი ჰაერია. როგორც წესი, ქართველები უფრო ევროპულ გზას ირჩევენ ხოლმე, რათა უფრო ევროპული საზოგადოება და უფრო ევროპული ცხოვრება ჰქონდეთ“, - აცხადებს ჯონასი.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა