სავაჭრო-სამრეწველოა პალატის მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველოა პალატის მხარდაჭერით, 5 მაისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

ღონისძიების პარალელურად, ჩაის ფესტივალი ჩატარდება გურიაშიც. ქალაქ ოზურგეთში ღონისძიება წელს პირველად გაიმართება.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფესტივალების ჩატარების ინიციატორები და მხარდამჭერები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ოზურგეთის მერია, მთაწმინდის პარკი და საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასეთი ტიპის ღონისძიებები, მეწარმეებისთვის კარგი სტუმულია, რადგან მათ შეეძლებათ, უშუალოდ მომხმარებლამდე მიიტანონ საკუთარი პროდუქცია.

„პალატა მუდმივად მხარს უჭერს მსგავს აქტივობებს, რადგა ეს კარგი საშუალებაა, რომ მეწარმეებმა გაზარდონ საკუთარი პროდუქციის ცნობადობა, ასევე დაამყარონ საქმიანი კონტაქტები. სწორედ ესაა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიზანიც-ერთმანეთთან დააკავშიროს მეწარმეები და დაეხმაროს მათ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორების მოძიებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩაის ფესტივალი წელს პირველად ოზურგეთშიც ჩატარდება, რაც საინტერესო პერსპექტივაა გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის“- აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიების მიზანია, მეჩაიეობის სფეროში ეკონომიკური ზრდის წახალისება, ერთობლივი რეგიონული ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, ასევე მომხმარებლებში ნატურალური ჩაის პოპულარიზაცია და შიდა ბაზრის ათვისება. ფესტივალზე, წარმოდგენილი იქნება ჩაისა და თაფლის უნიკალური სახეობები, ჩატარდება შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქციისა და სხვადასხვა სახეობის თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების პრეზენტაცია-დეგუსტაციები, მოეწყობა კონკურსები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება 15-მდე ჩაის ადგილობრივი და იმპორტიორი კომპანიის პროდუქცია. აღსანიშნავია, რომ თბილისის ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება ქართული ხარისხის ნიშნის პრეზენტაციაც.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, დარგის სპეციალისტები, საელჩოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.