მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნეს ასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 150-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

პრეზენტაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირის ტექნიკური დამხარების პროექტის ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა და მიზნად ისახავდა დაინტერესებული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ პროცესებზე საქართველოში, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და ალექსანდრე დარასი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ატაშე/კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორი.

საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა წარმოადგინეს ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავებული კანონქვემდებარე აქტების პროექტები შეფუთვის ნარჩენების, ბატარეების, აკუმულატორების, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების, საბურავებისა და გამოყენებული ზეთების შესახებ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა, აგრეთვე ინსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები და სამომავლო ნაბიჯები.

ყოველწლიურად, საქართველოში დაახლოებით 900 000 ტონა მუნიციპალური ნარჩენი წარმოიქმნება, რომელიც შეიცავს 1000-მდე სახიფათო და არასახიფათო ნივთიერებას.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ევროპაში დანერგილი ნარჩენების მართვის წარმატებული მოდელია. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე.

საქართველოს „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრულია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვა სპეციფიკური ნარჩენებისთვის, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან უნდა შევიდეს. სპეციფიკურ ნარჩენებს განეკუთვნება: შეფუთვის ნარჩენები (პლასტმასი, ქაღალდი, მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, გამოყენებული ბატარეები და აკუმულატორები.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და მის დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირისა და სხვა დონორების მხარდაჭერით აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით 2017 წლიდან.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, რომელიც პირველად შვედეთში თომას ლინდკვისტის მიერ შვედეთის გარემოს დაცვის სამინისტროსთვის წარდგენილ 1990 წლის ანგარიშში იქნა წარმოდგენილი, ხელს უწყობს: ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასა და რესურსად გამოყენებას; ნარჩენების ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სხვა ფორმების დანერგვას; ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების რაოდენობის შემცირებას; სახიფათო ნივთიერებების უსაფრთხო დამუშავებას; რესურსებისა და ღირებული მეორადი ნედლეულის გამოყენებას; სხვადასხვა პროდუქციის სასიცოცხლო ციკლში ჩართული ყველა ოპერატორის (მწარმოებელი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, მომხმარებელი, შემგროვებელი, დამშლელი, რეციკლირების განმახორციელებელი და ექსპორტიორი) საქმიანობის გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესებას; პროდუქციის უკეთესი დიზაინის შექმნას; ახალი საწარმოებისა და სამუშაო ადგილების შექმნას, და რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.