სპორტული დანიშნულების ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტულად გადააკეთებენ

სპორტული დანიშნულების ავტომობილებზე საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ავტორთა განმარტებით, ავტომობილთა მფლობელები საგადასახადო შეღავათით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლებენ, რაც ჩამოყვანილ ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებენ. განბაჟების თანხა კი, სიმბოლური - მხოლოდ 100 ლარი იქნება.

საგადასახადო შეღავათი მხოლოდ ისეთი ტიპის სპორტულ მანქანებს შეეხება, რომელიც ყოველდღიურად არ გამოიყენება და მხოლოდ სპორტული დანიშნულება ექნებათ.

“მათთვის, ვისაც სპორტული ავტომობილების იმპორტის განხორციელება სურთ, პირველ რიგში, აუცილებელი იქნება ავტომობილი გადააკეთონ, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანონ, სპორტის ფედერაციის ტექნიკური პასპორტი მიიღონ და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებათ მათ საგადასახადო შეღავათებით სარგებლობა. სპორტის ეს სახეობა დღითი დღე ვითარდება, გვყავს წარმატებული სპორტსმენები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავტორბოლა საქართველოში მაღალ დონეზე იყოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.

სპორტული დანიშნულების ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება. სპორტული ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადი ფიქსირებულად - 100 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

შესაბამისი ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში“ შედის, რომელიც დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ, კახა კუჭავამ და მიხეილ ყაველაშვილმა მოამზადეს.

2016 წელს “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება განხორციელდა, რამაც ავტოსანტრასპორტო საშუალებების განბაჟების საგრძნობი გაძვირება გამოიწვია. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული პერიოდიდან პრობლემა შეექმნა საავტომობილო სპორტს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ავტოსპორტი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებული სპორტის სახეობას წარმოადგენს, აღნიშნული ცვლილებით გართულდა სპორტისთვის განკუთვნილი ავტომობილების იმპორტი, მათ შორის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იაპონიიდან შემოყვანა, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სპორტულ ავტომობილად მოდიფიცირებისათვის გამოიყენებოდა. აღნიშნული ცვლილების შემდეგ სპორტული ავტომობილების პარკი საგრძნობლად შემცირდა და შედეგად რამდენიმე კლასი საერთოდ გაუქმდა. პრობლემის არსი ასევე მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას თავის მხრივ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან და როგორც ავტოპარკის შემცირება, ასევე კლასების გაუქმება აფერხებს ეროვნული ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულებასა და სპორტის ამ სახეობის განვითარებას. საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია (ეროვნული ფედერაცია), როგორც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წევრი, ყოველწლიურად გასცემს მრბოლელის ლიცენზიას, რომელიც თავის მხრივ პირს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო შეჯიბრებებში. 2016 წელს გაცემული იქნა 96 ლიცენზია, 2017 წელს - 78, 2018 წელს - 56. ხოლო მიმდინარე წელს გაცემულია მრბოლელის 40 ლიცენზია. 2014-2016 წლებში საშუალოდ საავტომობილო სპორტის ავტოპარკი შეადგენდა 115 სპორტულ ავტომობილს, 2017 წლიდან საგრძნობლად შემცირებულია აღნიშნული ავტოპარკი და 2019 წლის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ 37 სპორტული ავტომობილი. ავტომობილების შემცირება გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ სარბოლო ინციდენტების შედეგად მწყობრიდან გამოდის ავტომობილები და განბაჟების გაძვირების გამო ვეღარ ხდება მათი ჩანაცვლება.

სახელმწიფოს მიერ სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის საჭიროა არსებულ კანონში შევიდეს ცვლილება, რითაც შესაძლებელი გახდება საავტომობილო სპორტის ავტოპარკის შევსება-განახლება", - განმარტავენ პროექტის ავტორები.

“საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 30 აპრილის სხდომაზე წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა