10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი - ჭორის სახით გავრცელდა, თითქოს ქალს ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა, ამაზე საუბარიც კი ძნელია

ჭორის სახით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ ქალს ბავშვების ორგანოების გაყიდვა უნდოდა. ამაზე საუბარიც კი ძალიან ძნელია ჩემთვის. 10 წლამდე ბავშვების ორგანოებით ვაჭრობის პრაქტიკა მსოფლიოში არ არსებობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შესაძლო ტრეფიკინგის ფაქტზე დაკავებული უკრაინელი ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ განაცხადა.

ის გამორიცხავს ტრეფიკინგის ფაქტს და აცხადებს, რომ იულია სუსლიაკი მეუღლესთან ერთად, რომელიც უკრაინაში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელია, აფხაზეთში თავშესაფარს ეძებდა.

„თუ ბავშვების გაყიდვის განზრახვა ჰქონდა, ორწელნახევარი უკრაინასა და მოსკოვში დადიოდნენ, უფრო დიდი შანსი არ ჰქონდათ, რომ რუსეთიდან, ან უკრაინიდან გაეყიდათ?“ - აცხადებს თოდუა.

მისივე განცხადებით, სამართალდამცავებმა სუსლიაკზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს.

„სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლაა განხორციელებული. გუშინ და გუშინწინ, მთელი დღის განმავლობაში არ მისცეს საშუალება ზოგიერთი საკითხი სამართლებრივად განეხორციელებინა.

თუ რას ემყარება უკიდურესი ღონისძიების - დაკავების გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. თურმე, არსებობდა საშიშროება, რომ ის საქართველოს ფარგლებს დატოვებდა. ჯერჯერობით, ჩემთვის მტკიცებულებები არ გადმოუციათ, ახლა მივდივარ გამომძიებლეთან, რათა საქმის დეტალებს გავეცნო“, - განაცხადა თოდუამ.

იულია სუსლიაკს ბრალს ოფიციალურად სავრაუდოდ, დღეს წაუყენებენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია იყო.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით