შსს 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის დაკავების საქმეზე -  ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალი არ არის მისი დედა, სამართალდამცველებთან საუბრისას მან სიკვდილის შიში გამოთქვა

გამოძიებით დასტურდება, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვანის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მას იქ საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები და სამსახური არ აქვს და რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება, გამოძიებას პასუხს ვერ სცემს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ განაცხადა, როდესაც 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის დაკავების საქმის გარემოებებზე ისაუბრა.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს, რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება.

„აღნიშნულმა ოჯახმა ჩამოსვლისთანავე მიიპყრო ქართველი სამართალდამცველების ყურადღება, კერძოდ იმ გარემოებამ, რომ ბავშვების ასაკი საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს. მათგან ოთხი ბავშვი 2017 წელს არის დაბადებული, ხოლო სამი მცირეწლოვნის დაბადების თარიღი 2018 წელია. აღნიშნული ქალბატონი მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ის ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლის და კვების პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ. გამოძიების ფარგლებში, ამოვიღეთ როგორც ბრალდებულის, ისე არასრულწლოვნების დოკუმენტები, პასპორტები. არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლებელია, დოკუმენტები იყოს ყალბი. ერთ-ერთი ბავშვის თქმით, ქალბატონი არ არის მისი დედა. მან სამართალდამცველებთან საუბრისას სიკვდილის შიში გამოთქვა. გარდა ამისა, ჩვენ გამოძიების პროცესში დავკითხეთ არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ. გამოძიების პროცესში ჩვენ ავიღეთ როგორც ბავშვების, ისე ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები და ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევითი პროცესი, რათა დადგინდეს მათი ნათესაური კავშირი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, მათ არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შეიქმნა აღნიშნული ქალბატონის ბრალდების დასაბუთებული სტანდარტი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან, ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. საერთოდ არ ვიცით, ის ცოცხალია თუ არა. უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას, ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში, ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა. ჩვენ ამ მხრივ ასევე ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ვინაიდან, როგორც გაირკვა ერთი ბავშვი ამერიკის მოქალაქეა. უწყვეტ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას, რაც გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ ექცევა მის ფეხებთან დაცემულ 3 წლის ბავშვს იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო