პროკურორი - უკრაინის მოქალაქეს ბრალი არასრულწლოვნებით ვაჭრობისთვის წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულია და 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პროკურატურა არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა თეა გიორგაძემ განაცხადა, ვინაიდან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს ბრალდების მხარე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს ასევე აქვს სხვა საფუძვლები იმისთვის, რომ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს.

"იულია სუსლიაკს ბრალი არასრულწლოვანებით ვაჭრობისთვის წარედგინა, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულია. მუხლი 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს და შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით ბრალდების მხარეს მიმართული აქვს სასამართლოსთვის, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - განაცხადა პროკურორმა.

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია.

ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს, თუმცა მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც სამართალდამცველებს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. როგორც ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, 4 ბავშვი იულია სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია, ხოლო დანარჩენი 6 კი სუროგაციის გზით გაჩნდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის არხებით ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ადვოკატისა და პროკურორის პოზიციები ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული ქალის საქმეზე - სასამართლო იულია სუსლიაკის აღმკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა