ტრეფიკინგში ბრალდებულის საქმის პროკურორის განმარტებით, უკრაინის მოქალაქემ საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი ბავშვი, სავარაუდოდ, გაყიდა

პროკურორის განმარტებით, ბრალდებას დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აქვს დადგენილი ის ფაქტი, რომ უკრაინის მოქალაქემ იულია სუსლიაკმა ერთი ბავშვი საქართველოში ჩამოსვლამდე სავარაუდოდ გაყიდა.

როგორც პროკურორმა თეა გიორგაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დაცვის მხარემ ვერ წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ ერთ-ერთი ბავშვი ნამდვილად გარდაიცვალა.

პროკურორის თქმით, ბავშვის გაყიდვის ფაქტზე ეჭვებს ისიც ამძაფრებს, რომ გარდაცვალების მომენტში ბავშვი 9 თვის უნდა ყოფილიყო და აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ის სააბაზანოში მარტო ყოფილიყო.

„მტკიცებულებეზე კონკრეტულად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას. მიმდინარეობს გამოძიება, ეს არ არის მხოლოდ საქართველოში ჩადენილი დანაშაული. ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების გადაყვანას ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი ბავშვის გაყიდვასაც ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარე დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი მოხდა. გარდაცვალების მოწმობა არ არსებობს. დაცვის მხარემ წარმოადგინა დასკანერებული ფურცელი, სადაც მითითებულია, რომ არასრულწლოვანი, 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა აბაზანაში ბანაობის დროს, რაც ეჭვის საფუძველს ნამდვილად ქმნის", - აღნიშნა პროკურორმა.

თეა გიორგაძის ინფორმაციით, ვინაიდან დანაშაული მხოლოდ საქართველოში არ არის ჩადენილი, პროკურატურა სამართლებრივი დახმარების თხოვნით სხვა ქვეყნებსაც მიმართავს.

„ასეთი ტიპის დანაშაულის გახსნისთვის და გამოძიებისთვის საჭიროა შესაბამისი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მივმართოთ სხვა ქვეყნებს", - აღნიშნა თეა გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს