ტრეფიკინგში ბრალდებულის ადვოკატი - რა საფუძვლებს ემყარება მოსაზრება, რომ ბავშვი გაყიდულია?“ - 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი სააბაზანოში დახრჩობაა

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი ზურაბ თოდუა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს. მისი თქმით, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ბრალის შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.

„სასამართლო პროცესზე პროკურატურამ ვერ წარმოადგინა ვერც ერთი მტკიცებულება შერაცხული ბრალის ირგვლივ. მაგალითად, რა მტკიცებულებებით დასტურდება ბავშვების ყიდვის ფაქტი, ვერ წარმოადგინა რა მტკიცებულებებით დასტურდება გარდაცვლილი ბავშვის გაყიდვის ფაქტი. რატომ არ არის დღემდე ჩატარებული დნმ ექსპერტიზა მაშინ, როდესაც უკვე 8 დღეა ანალიზები აღებული აქვთ? რატომ არ უნდათ, აიღონ ბიოლოგიური მასალა მამისგან, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში ჩამოვიდეს და ჩააბაროს ეს? რატომ არ უნდათ ბავშვების ბებიის ჩამოსვლა, რომელიც ასევე თანახმაა ბიოლოგიური მასალა ჩააბაროს? რა საფუძვლებს ემყარება მათი მოსაზრება, რომ ბავშვი არის გაყიდული?“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

იულია სულიაკის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესზე მან დოკუმენტაცია წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოში ჩამოვიდოდა, მისი ერთი ბავშვი რუსეთში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მისი განმარტებით, 9 თვის ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო, რის გამოც იულია სუსლიაკი რუსეთიდან საქართველოში 11-ის ნაცვლად 10 ბავშვით ჩამოვიდა.

„სასამართლოზე ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტით უტყუარად დასტურდება, რომ 9 თვის ბავშვის გარდაცვალების მიზეზია უბედური შემთხვევა, კერძოდ სააბაზანოში დახრჩობა. ასევე წარმოდგენილი მაქვს გარდაცვალების მოწმობა. პროკურორმა სასამართლოზე თავხედურად განაცხადა, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის ქსეროასლი. მოსამართლე მაკა გველესიანს სრული საფუძველი ჰქონდა, არ დაეკმაყოფილებინა პროკურორის შუამდგომლობა, მაგრამ თავი არ აიტკია,“ - განაცხადა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია. ბრალდებული, მიმდინარე წლის 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იულია სუსლიაკი საქართველოში 10 მცირეწლოვან ბავშვთან ერთად რუსეთიდან 2019 წლის 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს