საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს ჯაზ-ბენდის Irakli Louis Ambassadors-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღნიშნავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერითა და სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ ორგანიზებით, 30 აპრილს, 19:30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯაზის საერთაშორისო დღე საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ბენდის Irakli Louis Ambassadors-ისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით აღინიშნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, 30 აპრილი ჯაზის საერთაშორისო დღეა, UNESCO-ს ეგიდით ჯაზის დღის აღნიშვნა მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოშიც უკვე ტრადიციად იქცა.

მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 6 მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ჯაზ-ბენდის ლიდერი ქართველი ემიგრანტების შთამომავალი ირაკლი დავრიშევი-დავრიშაშვილია, რომელიც სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს. მისი შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს. ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია 1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან. მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას. მუსიკოსს გამოცემული აქვს არაერთი ალბომი.

სამინისტროს ინფორმაციით, ჯაზის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველო სწორედ ქართველი ემიგრანტის მიერ შექმნილი ჯაზ-ბედნისა და თბილისის მერიის ბიგ-ბენდის კონცერტით შეუერთდება; მსემენელს საშუალება ექნება, გაეცნოს საფრანგეთში მოღვაწე ქართველი წარმატებული მუსიკოსის შემოქმედებას.

„ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით 30 აპრილს დაწესდა და პირველად 2012 წელს პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში აღინიშნა.

ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე მღერიან. წელს გალა-შოუს მასპინძელია მელბურნი - გალა-შოუ სწორედ მელბურნის ხელოვნების ცენტრში გაიმართება და პირდაპირი ეთერით გადაიცემა გაეროსა და იუნესკოს ფეისბუქისა და იუთუბის გვერდებზე.

ჯაზის საერთაშორისო დღის მთავარ ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიო ჯაზის ლეგენდები სხვადსხვა ქვეყნიდან. მათ შორის არიან: დი დი ბრიჯვოთერი (Dee Dee Bridgewater, USA), თილ ბრონერი (Till Brönner, Germany), ა ბუ (A Bu, China), კურტ ელინგი (Kurt Elling, USA), მეთიუ ჯორდელი (Matthew Jodrell, Australia), მარკ ნაითენგეილი (Mark Nightingale, United Kingdom), ჩიკო პინიერო (Chico Pinheiro, Brazil), ერიკ რიდი (Eric Reed, USA), ანტონიო სანჩესი (Antonio Sánchez, Mexico) და სხვა. კონცერტს ხელმძღვანელობენ ლეგენადრული ჯაზ-პიანისტი ჰერბი ჰენკოკი და ცნობილი ავსტრალიელი მესაყვირე ჯეიმს მორისონი; მუსიკალური დირექტორი - ჯონ ბისლი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა