გიგა ბოკერია - ევროკავშირი არის სივრცე, სადაც ინსტიტუტებია მნიშვნელოვანი და არა არაფორმალური მმართველების დაკვეთა - დღეს საქართველოში ასე არ არის

ევროკავშირი, ისევე, როგორც თავისუფალი სამყარო, დემოკრატიული სივრცე, ეს არის სივრცე, სადაც ინსტიტუტებია მნიშვნელოვანი და არა არაფორმალური მმართველების დაკვეთა, სადაც სასამართლო არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში ევროპის და აზიის დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ეს დღეს საქართველოში ასე არ არის.

„ჩვენი გზავნილი თქვენთვის ცნობილია, რაც წარმოადგენს „ევროპული საქართველოს“ და დემოკრატიული ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების სერიოზული შეშფოთების საგანს. ამ საკითხების სია ვრცელია. ეს არის ზოგადი პოლიტიკური ვითარება და კურსი, რა კურსიც უჭირავს ივანიშვილის გუნდს - არა ანგარიშვალდებული დემოკრატიის, არამედ ერთ პირზე ჩამოკიდებული სისტემის, რომელიც ინსტიტუტებს პატივს არ სცემს და ეს ყველაზე უფრო მწვავედ გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტურზე. ის ძალიან მწვავე შეფასებები, რაც ჰქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და რაც ევროკავშირისთვის არის გზამკვლევი, არათუ შესრულებული არ არის, სერიოზული დისკუსიაც კი არ არის დაწყებული ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს შეეხება სასამართლოს საკითხს და იმ პროცესს, რომელიც განვითარდა, როდესაც საკმაოდ ცინიკურად, არც კი დაელოდნენ ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რეკომენდაციებს, ისე დაასრულეს მეორე მოსმენა კომიტეტში. დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ამას სიმბოლური მნიშვნელობაც კი ჰქონდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მეგობრებს ამ საკითხებზე ყურადღება აქვთ მიპყრობილი და ეს დაეხმარება საქართველოს მას შემდეგ, როცა დემოკრატიული გზით ეს ხელისუფლება იქნება შეცვლილი, რაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ. ევროკავშირი, ისევე, როგორც თავისუფალი სამყარო, დემოკრატიული სივრცე, ეს არის სივრცე, სადაც ინსტიტუტებია მნიშვნელოვანი და არა არაფორმალური მმართველების დაკვეთა, სადაც სასამართლო არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ქვეყნის ნორმალური განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის. ეს დღეს საქართველოში ასე არ არის“, - განაცხადა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო