ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომელმაც მიგვიყვანა დემოკრატიულ ღირებულებამდე

რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო სხდომაზე განაცხადა.

კობახიძემ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში პარლამენტის როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა, საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით.

„ორი ათეული წელი დროის ის მონაკვეთია, რომელიც საშუალებას გვაძლევს თვალი გადავავლოთ საქართველოს მიერ განვლილ გზას და შევაფასოთ ის დიდი პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია სახელმწიფოს მშენებლობისა და დემოკრატიის განვითარების გზაზე. სიმბოლურია, რომ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლისთავს საქართველოს პარლამენტში აღვნიშნავთ. პარლამენტი იყო, არის და იქნება თანამედროვე ქართული დემოკრატიის ქვაკუთხედი. მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, სწორედ პარლამენტში გადაიდგა ისტორიული ნაბიჯები, რომელმაც მიგვიყვანა საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის აღიარებამდე, ძალაუფლების დაბალანსების პრინციპის დამკვიდრებამდე. საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა, საპარლამენტო რესპუბლიკის ყველა ატრიბუტით, რომლის პოლიტიკურ სისტემასა და ატრიბუტებს, საფუძველს უმაგრებს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით აგებული კონსტიტუცია. ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლების საფუძველი დემოკრატიაა, ხოლო დემოკრატიას სამართლის უზენაესობა და მყარი კონსტიტუციური საძირკველი განაპირობებს“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს პროგრესის გზაზე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, 20 წლის წინ საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანება იყო.

„რაც დრო გადის, მით უფრო აქტუალურად და დამაჯერებლად ჟღერს საქართველოს პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას მიერ წარმოთქმული სიტყვები - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი“. ევროპელობა ჩვენთვის ნიშნავს დასავლეთთან სრულ ინტეგრაციას, დემოკრატიის განვითარებას და თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას. ევროპელობა საქართველოს მოსახლეობისთვის დღემდე გაიგივებულია, არამხოლოდ გეოგრაფიულ ან პოლიტიკურ სიახლოვესთან, არამედ უპირველეს ყოვლისა ღირებულებებთან. ამ ღირებულებებიდან დემოკრატია და თავისუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია და მათი დაცვისა და განვითარების მთავარი ხელშემწყობი, ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში ევროპის საბჭო გახლდათ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო