ლევან გოგიჩაიშვილი - კარგი იქნება, თუ ვინმე გადასცემს პრემიერს, რომ მოსახლეობა მოლოდინშია, როდის შემოვა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციები

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ყოველ მეორე ახალგაზრდას სკოლაში 14 წლის ასაკიდან აქვს შეხება ონლაინ აზარტულ თამაშებთან. ამის შესახებ გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც მოქალაქეებს ამ მავნე სერვისის მიღებისაგან დაიცავს.

„დაახლოებით, ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც, უმრავლესობის მხრიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტის ჩაგდება მოხდა. ეს ეხება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამას. სამწუხაროდ, დანაპირების მიუხედავად, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარემ გააკეთა ამ დარბაზში, კანონპროექტი არ არის ხელახლა ინიცირებული. კარგი იქნებოდა ასევე, თუ ვინმე გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ მოსახლეობა არის მოლოდინში, როდის შემოვა აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულაციები. თქვენ იცით, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ამ სერვისის მომხმარებელი. ასევე, სამწუხარო სტატისტიკაა არასრულწლოვნებში, სკოლებში. განსაკუთრებით მაჟორიტარების გასაგონად მინდა ვთქვა, რომლებმაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩააგდეს ეს კანონპროექტი, რომ ყოველ მეორე ახალგაზრდას სკოლაში 14 წლის ასაკიდან აქვს შეხება ონლაინ აზარტულ თამაშებთან, აღნიშნულ სერვისთან. არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს ჩვენს ბავშვებს დაიცავს ამ მავნე სერვისის მიღებისაგან“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

გოგიჩაიშვილმა პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუწოდა კანონპროექტი პარლამენტში დროულად შეიტანოს.

„მინდა მოვუწოდო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ძალიან ბევრი ისაუბრა ამ ტრიბუნასთან ადამიანის უფლებებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე, რომ რაც შეიძლება მალე შემოიტანოთ ეს რეგულაციები, რომელიც ერთი წელია დევს მთავრობაში და რომელმაც უნდა იხილოს დღის სინათლე. აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ, ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ სერიოზული გარღვევის გაკეთებას ამ მიმართულებით. მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თუ ის რეალურად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თუ მის სიტყვას რაიმე ფასი აქვს მოქალაქეებისთვის ან პოლიტიკოსებისთვის, მისი ერთი წლის წინ დაპირებული კანონპროექტი დროულად შემოიტანოს პარლამენტში. მარტო ტრიბუნასთან გამოსვლა პრემიერ-მინისტრის ფუნქციის შესრულებისთვის არ არის საკმარისი. საკმარისია ნაბიჯების გადადგმა, ქვეყნისთვის იმის ჩვენება, რომ ის არის პრემიერ-მინისტრი, მას შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება ამ ქვეყანაში და ის არ ექვემდებარება რაიმე გავლენებს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ ის საჩივარს ეთიკის კომისიაში შეიტანს.

„ჩვენ ვნახეთ სამწუხარო პროცესი პარლამენტში, თუ როგორ ლობირებდა ამ კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტის თავმჯდომარე სხვადასხვა მიზეზების გამო და აუცილებელად, როდესაც შეიქმნება ეთიკის საბჭო, ამ საკითხს დავაყენებ ეთიკის საბჭოში. გელოდებით ბატონო მამუკა, როდის შემოიტანთ ამ კანონპროექტს, როდის გადადგამთ ნაბიჯს, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი არასრულწლოვნები, ჩვენი ოჯახის წევრები დავიცვათ მავნე ზეგავლენისგან, რასაც ჰქვია აზარტული თამაშები, ონლაინ აზარტული თამაშები განსაკუთრებით“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს