ეკა ბესელია -  ქართულმა მხარემ უარი მითხრა, თუმცა თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისგან მივიღე წერილი, რომ მიწვეული ვიყავი მიღებაზე

ვიკითხე, რაიმე ფორმატში იყო თუ არა ჩვენი, როგორც დელეგაციის წევრების მონაწილეობა და ქართულმა მხარემ მითხრა არა, თუმცა ამის შემდგომ წერილი მივიღე თავად ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისგან, რომ მიწვეული ვიყავი საღამოს მიღებაზე,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

დეპუტატის განცხადებით, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის სამდივნოს წარმომადგენლებმა მას განუმარტეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრას ვერ დაესწრებოდა, თუმცა აღნიშნავს, რომ მიწვევა, თავად ლილიე პასკიესგან მიიღო. დეპუტატის შეფასებით, ქართული მხარის ქმედება მისთვის უცნაურია და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს განმარტებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.

„ვფიქრობ, უფრო მკაფიო განმარტება უნდა გააკეთოს ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ჩუგოშვილმა. ჩემი მხრივ გეტყვით, რომ ასეთ მნიშვნელოვან ვიზიტზე, ჩემი მიზანია საუკეთესოდ წარმოჩინდეს ჩემი ქვეყანა და მნიშვნელოვანია ყველა წესის დაცვა. პირადად ვიკითხე, რაიმე ფორმატში იყო თუ არა ჩვენი, როგორც დელეგაციის წევრების მონაწილეობა და ქართულმა მხარემ მითხრა, რომ არა, თუმცა ამის შემდგომ წერილი მივიღე თავად ქალბატონი პრეზიდენტისგან, რომ მიწვეული ვიყავი საღამოს მიღებაზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრის გამართვა თავად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა არ მოისურვა. დეპუტატის თქმით, დელეგაციის სურვილი იყო საქართველოში შეხვედრები მხოლოდ უმაღლესი რანგის პოლიტიკურ პირებთან გაემართათ.

„გუშინაც ვთქვი და დღესაც ვიმეორებ, რომ პირველ რიგში ეს კითხვები სტუმარს უნდა დავუსვათ და არა მე, მაგრამ გიპასუხებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მან შეხვედრები მხოლოდ უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან გამართა. ესენი არიან: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი. დრო დაუთმო ასევე პარლამენტში სიტყვით გამოსვლას. ერთადერთი შეხვედრა ევროსაბჭოს ასამბლეის ყოფილ და მოქმედ წევრებთან ჰქონდა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები და ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები დაესწრნენ. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ისინი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოდგენილი არ არიან, შესაბამისად, ვერც დელეგაციისა და ვერც წევრების სახით შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ოპოზიციასთან ცალკე შეხვედრის გამართვა თავად სტუმარმა არ მოისურვა, ამიტომ ჩვენთან პრეტენზიებს სჯობს, თავად სტუმართან გაარკვიონ, რატომ არ აღმოჩნდა საინტერესო ეს პარტია და ეს პოლიტიკოსები სტუმრისთვის სასაუბრო“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო