ქეთევან ციხელაშვილი თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და აზიის მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შეგირებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილვის ძირითადი საკითხი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული ვითარება იყო. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები. შეხვედრაზე აღინიშნა ის დისკრიმინაციული გარემო, რომელში ცხოვრებაც გალისა და ახალგორის მოსახლეობას უწევს. ხაზი გაესვა გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსა და გამოწვევებს.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუმარს საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაც გააცნო. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ იყო, რომელიც ამჟამად იმპლემენტაციის პროცესშია. ქეთევან ციხელაშვილმა მისი მიმდინარეობა მიმოიხილა და ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერისა და ჩართულობის მნიშვნელობას ინიციატივის განხორციელების პროცესში. მიმოიხილეს ის კონკრეტულ სიკეთეები და შეღავათები, რომელთაც „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს მოუტანს.

სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისადმი გამოხატული მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების საკითხში ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საჭიროება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს