გედევან ფოფხაძე - კარგად უნდა გვახსოვდეს, ვინ არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და ახლა კარგ საქმეებს აკეთებინებენ

ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, ვინ არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ცუდ საქმეებს აკეთებდნენ, ახლა კარგ საქმეებს აკეთებინებენ და რაში გამოიხატებოდა ეს ცუდი საქმეები, - ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ფოფხაძე განმარტავს, მიმდინარე კვირაში პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესს ეხება.

„ეს არ იყო სკოლაში „შატალოზე“ წასვლა, ან მეზობლისთვის ფანჯრის გატეხვა. ეს იყო ქონებების უკანონოდ წართმევა, ეს იყო მკვლელებისთვის შეღავათიანი სასჯელები და უდანაშაულო ადამიანებისთვის წამების ტოლფასი სასჯელები. ესენი იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც სასაკლაოზე უშვებდნენ, ქართულ გულაგში უშვებდნენ ადამიანებს და თვალი არ უხამხამდებოდათ ამ ყველაფერზე. ამ ყველაფრის მორალური გამართლება, რაც მათგან გვესმის, „რა ვქნათ, მაშინ ასეთი დრო იყო და ჩვენ კანონებიდან გამომდინარე ვმოქმედებდითო“, თავდაყირა აყენებს მორალურ სტანდარტს და მორალურ ღირებულებებს საზოგადოებაში. ამიტომ ჩემთვის არ არის ეს არჩევანი, რომლის წინაშეც ჩვენ ამ კვირაში ვდგავართ, უბრალოდ არჩევანი ცუდსა და კარგს შორის. ეს არის არჩევანი ღირსებასა და ყველაფერზე უარის თქმას შორის.

ჩვენს მეხსიერებას ხაზი არ უნდა გადავუსვათ. რისთვის ვიბრძოდით და რა იყო მიზანი, 2012 წლის პირველ ოქტომბერს, არ უნდა დავივიწყოთ, თორემ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, რომელთა 9-წლიან ხელისუფლებაზეც ასე გამუდმებით ვსაუბრობდით. არ შეიძლება მორალურად ასეთი არასწორი არჩევანის გაკეთება და იმ ადამიანებს გავუგოროთ კოჭი, რომელთაც შექმნეს დანაშაულებრივი სასამართლო სისტემა და ჩამოყალიბდნენ, როგორც კლანი და მათი შკევეთაა ის კანონი, რომელიც მესამე მოსმენით გადის. მათი ინტერესია, რომ დღეს ცარიელი იყოს დარბაზი, მათი ინტერესია არ გავიდეს ის კანონი, რომელთაც ჩვენ ვთავაზობთ და არ გამოიყენოს პარლამენტმა ის ბოლო შანსი, რომელიც აქვს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა