მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების 97.1% და სასტუმროების 96,9% მოწევის აკრძალვის რეგულაციას იცავს

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საზოგადოებრივი კვების ობიექტების 97.1% და სასტუმროების 96,9% მოწევის აკრძალვის რეგულაციას იცავს.

მონიტორინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“, 2018 წლის 1-ელი მაისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი კვების 2 103 ობიექტსა და 488 სასტუმროში ჩაატარა.

ამასთან, „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, „არ გამართლდა ფუჭი შიში, რომ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესს“.

„სკეპტიკოსები და თამბაქოს ინდუსტრიის „სპიკერები“ კანონის აღსრულების დაწყებამდეც და შემდეგ, კარგა ხნის განმავლობაში, ცდილობდნენ საზოგადოება დაეჯერებინათ, რომ თამბაქოს კონტროლის კანონი, კერძოდ, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებდა ე.წ. სამასპინძლო ბიზნესს. იმასაც ამბობდნენ, რომ ხალხი ძნელად მიიღებდა ამ სიახლეს. მეტიც, აცხადებდნენ, ტურისტი უკმაყოფილო დარჩება და სამასპინძლო დაწესებულებაში არ შევაო?!

თავიდანვე, იმ ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, რომელთაც ათზე მეტი წლის წინ მიიღეს თამბაქოს კონტროლის კანონი და აკრძალეს დახურულ სივრცეში მოწევა, ვამბობდით, რომ შენობებში მოწევის აკრძალვა უარყოფითად არ აისახებოდა ამ ბიზნესზე, პირიქით გაიზრდებოდა შემოსავლები. როგორც ველოდით, ფუჭი შიშები არ გამართლდა, საზოგადოებამ ფაქტობრივად, სიამოვნებით აიტაცა კანონი.

დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის რეგულაცია 95%-ით სრულდება.

გაკოტრდა თუ არა ბიზნესი? სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ასეთია:

- საზოგადოებრივი კვებისა და სასმელით მომსახურების სფეროს ბრუნვა 2017 წელს იყო 847.7 მილიონი ლარი, 2018 წელს ბრუნვამ შეადგინა 963.5 მილიონი ლარი.

- 2017 წელს ამ მიმართულებაში დასაქმებული იყო 21 305 ადამიანი, 2018 წელს კი 22 277 ადამიანი.

- რესტორნების, ბარების, კაფეებისა და მსგავსი ობიექტების რაოდენობა 2017 წელს იყო 3990 ობიექტი, 2018 წლის ბოლოს გაიზარდა 1000-ზე მეტით და შეადგინა 5031 ობიექტი.

- სასტუმროების ბრუნვა 2017 წელს იყო 110.6 მილიონი ლარი, ხოლო 2018 წელის ბოლოს დაახ. 24 მილიონით მეტი და შეადგინა 134.3 მილიონი ლარი.

- ტურისტების საშუალო თვიური რაოდენობა 2017 წელს იყო 863.4 ათასი ადამიანი. 2018 წელს ეს რიცხვი გაიზარდა და შეადგინა მილიონ 20 ათას ხუთასი ტურისტი“, - აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების აღსრულება 2018 წლის 1-ელი მაისიდან დაიწყო. ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდა. კერძოდ, 1-ელი მაისიდან აიკრძალა: დახურულ შენობებში მოწევა, მათ შორის ელ. სიგარეტების, გახურებადი თამბაქოს ნაწარმისა და ჩილიმის (მინიმალური გამონაკლისებით), ასევე თამბაქოს რეკლამა და პოპულარიზაცია. 1-ელი სექტემბრიდან აიკრძალა სავაჭრო ობიექტის გარე სივრცეში თამბაქოს ნაწარმის გამოდება, თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამების დატანის გარეშე რეალიზაცია.

მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის შენობებში და ისეთ სივრცეში, სადაც 50%-ზე მეტი კედლებით და სახურავით შემოსაზღვრულია. მცირე გამონაკლისები დაიშვა კაზინოებში, სიგარა-ბარებში (რომელთა გასახსნელად საჭიროა სპეციალური ძვირად ღირებული ლიცენზია. ამასთან, სიგარა ბარში დაშვებულია მხოლოდ სიგარის და სასმელის რეალიზაცია, ასევე იკრძალება სიგარეტის/ელ.სიგარეტის, გახურებადი თამბაქოს, ჩილიმის და ა.შ. მოწევა).

პენიტენციალურ სისტემას უფლება მიეცა თვითონვე განსაზღვრონ მოსაწევი და არამოსაწევი სივრცეები. 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამ სისტემაში გამოიყო საკნები არამწეველებისათვის და თუ არამწეველს სურს მწეველის კამერაში განთავსება, აუცილებელია მისი წერილობით თანხმობა.

მოწევა დაშვებულია სამედიცინო კლინიკების პალიატიური და ფსიქიატრიული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, თუ კლინიკას შეუძლია ამ ტიპის პაციენტები დანარჩენი სივრცისგან იზოლირებულ გარემოში ჰყავდეს.

მოგვიანებით, თამბაქოს ინდუსტრიამ სათამაშო ბიზნესთან ერთად ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივა დააყენა და მოითხოვა, მოწევა დაშვებულიყო არამხოლოდ კაზინოში, სლოტ-კლუბებშიც. „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგობის მიუხედავად, ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, სლოტკლუბებს დახურულ სივრცეში მოწევის უფლება მიეცათ.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევაზე ჯარიმა 500 ლარიდან 200 ლარამდე შემცირდა.

უმაღლეს საგანამანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების ეზოებში დაიშვა სპეციალური მოსაწევი ადგილები (მაქსიმუმ 3 და თითოეული ფართი არ უნდა აღემატებოდეს 20 კვ.მ-ს), რადგან ფართობის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ძნელდებოდა მოსაწევად შესვენებებზე ეზოს გარეთ გასვლა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა