ანრი ოხანაშვილი - მოსამართლეების არჩევის წესზე უპრეცედენტო პროცედურა უზრუნველვყავით, რაც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე ჩვენ უპრეცედენტო პროცედურა უზრუნველვყავით, როგორიც ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია, - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილი ირწმუნება, რომ პროცესი უზენაეს სასამართლოში მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლეების განწესების შესაძლებლობას იძლევა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებებით ჩვენ მრავალეტაპიანი პროცედურა შევიმუშავეთ, რომელიც უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. გავითვალსწინეთ ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია და არც ერთ კითხვის ნიშანს არ ვტოვებთ, რომ ვინმესთვის ხელოვნურად ბარიერი შეიქმნას - ჩვენი ამოცანაა, ყველა კვალიფიციურ იურისტს ჰქონდეს შესაძლებლობა იმისა, რომ შერჩევის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რაც კანონით გარანტირებულია. ასევე გამოვრიცხეთ ინტერესთა კონფლიქტის საფრთხე“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტს განიხილავენ.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე პროექტები სესიაზე მესამე მოსმენით გადის, რითაც განხილვის პროცესი დასრულდება. სავარაუდოდ, დღესვე გაიმართება კენჭისყრა.

კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი დაკორექტირდა და მასში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა.

კორექტირებულ ვარიანტში აისახა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდის გაუქმების თაობაზე. ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, იგი კანდიდატების შეფასებისა და ხმის მიცემის უფლებით პროცედურის არც ერთ ეტაპზე არ სარგებლობს, აგრეთვე არ არის უფლებამოსილი კითხვით მიმართოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მათი მოსმენისას არც ერთ ეტაპზე.

პარლამენტის წევრების - ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, გიორგი კახიანის, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი წარადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა