ლევან გოგიჩაიშვილი უმრავლესობას - ადამიანურად გეკითხებით, გინდათ, თქვენი სახელი მომავალში ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან ასოცირდებოდეს?

ადამიანურად და კოლეგიალურად გეკითხებით, რისთვის აკეთებთ ამ პროცესს, გინდათ, რომ თქვენი სახელი მომავალში ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან ასოცირდებოდეს? იმ პანთეონში გინდათ მოხვედრა ოდესღაც, სადაც მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნება? - ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

გოგიჩაიშვილმა „სამარცხვინო“ და „მახინჯი“ უწოდა გუშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს, რომელშიც მოსამართლე ლევან მურუსიძე და „ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე მონაწილეობდნენ.

„ალბათ, ძალიან რთულად წავიდა პროცესი ბევრი ადამიანისთვის და სამწუხაროდ, მიდის პროცესი ჩვენი სასამართლოს მომავალი დამოუკიდებლობისთვის. მე ვუერთდები კანონპროექტის მესამედან მეორე მოსმენაზე დაბრუნების იდეას იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის არცერთი რეკომენდაცია, სამწუხაროდ, არ იყო გათვალისწინებული ერთის გარდა და ისიც ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერით არის დაფიქსირებული. კითხვას ვსვამ, ამ გადმოსახედიდან ეს პროცესი, რაც გაიარეთ, რის ფასადაც გაიარეთ, იმ ადამიანის გამო გაიარეთ, გუშინ სამარცხვინო ეთერში რომ იჯდა და თავზე კიდევ უფრო მეტ ლაფს ისხამდა? ამათთვის აკეთებთ? ადამიანურად და კოლეგიალურად გეუბნებით, რისთვის აკეთებთ ამ პროცესს, გინდათ რომ თქვენი სახელი მომავალში ჩინჩალაძესთან და მურუსიძესთან ასოცირდებოდეს? რა არის ამის ფასი, არ მესმის. ამ პროცესში რაც დაზიანდა „ქართული ოცნება“ რაც დაზიანდა ჩვენი სახელმწიფო იმიტომ, რომ ყველა იმ პრინციპს გადაუხვიეთ, რის გამოც შედგა ამ ქვეყანაში 1-ელი ოქტომბერი. რისთვის აკეთებთ? ის სიმახინჯე, რაც გუშინ „იმედის“ პირდაპირ ეთერში იყო, მთელი თავის ცხოვრება უნდა იყოს მოსამართლე? ან ის მახინჯი ადამიანები, მთელი თავისი გამრუდებული სამართლით... ამ ადამიანებისთვის აკეთებთ ამას? - ადამიანების უფლებებით, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების იგნორირებით. რა მიიღეთ ბატონო ანრი თქვენ პირადად ამ პროცესისგან გარდა იმისა, რომ იმ პანთეონის წევრი იქნებით ოდესღაც, სადაც მურუსიძე და ჩინჩალაძე იქნება? ეს მიიღეთ ამ პროცესისგან? ამ პანთეონში გინდათ მოხვედრა?“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის უკან დაბრუნების მოთხოვნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ასევე ფრაქცია „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დააყენეს. მათი მხრიდან აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო\ოდირის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო