თინა ბოკუჩავა - როცა გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძე სასამართლოს სახედ აქციეთ და შალვა შავგულიძეს ადანაშაულებთ, ეს ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას

როდესაც გირგვლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძე აქციეთ სასამართლოს სახედ და სასამართლოს საჭეთმპყრობელად, როდესაც გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძეს ადანაშაულებთ, ეს ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მესამე მოსმენით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან კითხვების დასმა ვერ მოახდენს.

მისივე თქმით, უმრავლესობის წევრები საკუთარ როლს და ფუნქციას ვერ აცნობიერებენ.

„სრულიად წარმოუდგენელია ბატონო ანრი, როდესაც თქვენგან ვისმენთ კრიტიკას, რომ თურმე კითხვების დასმით პარლამენტის წევრები ვახდენთ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის დისკრედიტაციას. ეს არის სწორედ პარლამენტის მოვალეობა, ის კი არა, როდესაც მრავალი საათის განმავლობაში მეორე მოსმენით პუნქტობრივად გავდიოდით ამ კანონს, უმრავლესობის წევრები საერთოდ დარბაზშიც კი არ ისხდნენ და მხოლოდ პულტზე თითის დასაჭერად შემოვიდნენ. ეს არ არის პარლამენტარის როლი და ფუნქცია, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა საკუთარი დემოკრატიული უფლების გამოყენებით. ამ პასუხისმგებლობას, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ უმრავლესობის წარმომადგენელები. დიახ, პარლამენტარის ფუნქცია არის, რომ დასვას კითხვები და თქვენ ვალდებული ხართ ბატონო ანრი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი და ამ კანონპროექტის წარმომდგენი პარლამენტში გაგვცეთ პასუხი. ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვაყვედრით იმას, რომ კითხვებზე გაგვეცით პასუხი თუნდაც მრავალი საათის განმავლობაში იმიტომ, რომ მრავალი ათწლეულით უნდა დაკანონდეს მურისიძე-ჩინჩალაძის კლანის მმართველობა სასამართლო ხელისუფლებაში, რომელსაც სრულად გააკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი. სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას იცით რა ახდენს? - როდესაც გირგვლიანის მოსამართლე ლევან მურუსიძე აქციეთ სასამართლოს სახედ და სასამართლოს საჭეთმპყრობელად. როდესაც გირგვლიანის საქმეში შალვა შავგულიძეს ადანაშაულებთ, ეს ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას; როდესაც ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ კორუფცია დაბრუნდა სასამართლოში, ეს ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას; როდესაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამბობს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია და აღარ არსებობს არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მათ შორის არც სასამართლო, ეს ახდენს სასამართლოს დისკრედიტაციას და ეს ახდენს ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო