ლევან დავითაშვილი - კრწანისის ტყე-პარკი გამორჩეული ადგილი იქნება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კრწანისის ტყე-პარკში, ბიომრავალფეროვნების პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კრწანისის ტყე-პარკი გამორჩეული ადგილი იქნება.

„კრწანისის ტყე-პარკი იქნება გამორჩეული ადგილი ეკოლოგიის თვალსაზრისით, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. ეს იქნება ადგილი, სადაც ჩვენ გვექნება როგორც ფლორის, ისე ფაუნის სახეობების დათვალიერების საშუალება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტყე-პარკში წარმოდგენილი იქნება არა მარტო არსებული უნიკალური ფლორა და ფაუნა, არამედ გაშენდება მცენარეები წითელი ნუსხიდან. ამავე დროს, აღდგება კრწანისის ტყე-პარკის ბუნებრივი ფუნქცია - რეკრეაციული სივრცე, ტყე-პარკი ღია იქნება და გადაადგილება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან ელექტრომობილით იქნება დაშვებული.

„ძალიან მოკლედ მინდა წარმოგიდგინოთ პრეზენტაცია და მოგახსენოთ იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ვდგავართ; გაგაცნობთ იმ ხედვას, რომელიც გვაქვს ბიომრავალფეროვნების აღდგენის პროგრამის განსახორციელებლად. მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, სათბობ და მერქნულ მასალაზე მოთხოვნიდან გამომდინარე ტყეზე ზეწოლა დიდია; გარკვეულის საფრთხეების წინაშეა ფაუნის ადგილობრივ სახეობათა პოპულაციები; არაორგანიზებულია სამონადირეო და სათევზაო დარგი ამ საფრთხეების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია; დასამალი არ არის, რომ დღეისათვის სამეცნიერო კვლევების და მონიტორინგის მნიშვნელოვანი სიმწირეა; ასევე დასარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა. ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს იმ გამოწვევებს, რომლებსაც უნდა გავუმკლავდეთ და სისტემური ქმედებებით მივიღოთ ახალი რეალობა, სადაც ბიომრავალფეროვნება იქნება აღდგენილი და დაცული“, - აღნიშნა მინისტრმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება - „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ იქნება ის რგოლი, რომელიც ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით გაააქტიურებს მუშაობას და ახალი პროგრამის განხორციელებას დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროგრამის „ველური ბუნების მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ დაიგეგმა ორი ღონისძიება: არსებული სამართლებრივი სივრცის შეფასება და მისი მოწესრიგების დაგეგმვა; ველური ბუნების მდგრადი მართვის პრაქტიკული მოდელირება. FAO-ს ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის ძირითადი რეკომენდაცია იყო, უკვე არსებული ინსტიტუციის ბაზაზე შექმნილიყო ველური ბუნების მართვის ორგანო.

„ჩვენ წინაშე მდგარი გამოწვევებისა და FAO-ს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 თებერვლის 86-ე დადგენილებით გადაწყდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობის“ ბაზაზე, მისი რეორგანიზების გზით, ჩამოყალიბებულიყო სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ . სააგენტოს მიზნები და ამოცანები უკვე გაწერილია. ესენია: სახეობათა და მათი ჰაბიტატის აღრიცხვა და მონიტორინგი; სახეობათა აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა; სახეობათა აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის დაგეგმვა; კერძო სექტორისთვის სადედე ჯგუფებისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; სალიცენზიო ფართობების იდენტიფიცირება და სალიცენზიო პირობების შემუშავება სახეობათა და ჰაბიტატების კუთხით; მონადირეთა და მეთევზეთა სერტიფიცირება; სხვადასხვა სახეობის ეკო-ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს