ეროვნული ბანკი - ლარიზაცია გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება

ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ლარიზაციის ზრდაა - ლარიზაცია ქვეყანაში მაკრო-ფინანსური რისკების შემცირებისა და საგარეო მოწყვლადობების მიმართ მდგრადობის გაზრდის წინაპირობას წარმოადგენს, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში წერია, რომ ლარიზაცია ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და მისი წამახალისებელი რეფორმები ეტაპობრივად ხორციელდება.

“2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, 2018 წლის ივნისში ლარით სახსრების მოზიდვის დამატებითი წახალისების მიზნით, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე შემცირდა. 2018 წლის 25 ივლისის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო მოთხოვნის 25 პროცენტამდე გაზრდის შესახებ, ნაცვლად მანამდე მოქმედი 20 პროცენტისა. აღსანიშნავია, რომ 1-დან 2-წლამდე ვადიანობის მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა 10 პროცენტია, ხოლო 2 წელზე მეტი ნარჩენი ვადიანობის უცხოური ვალუტით ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია აღნიშნული მოთხოვნისგან. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნებზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის შემცირების შესახებ, რაც, თავის მხრივ, ლარით დეპოზიტების მოზიდვის უპირატესობას ზრდის. უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გავლენა იქონიოს უცხოური ვალუტის საპროცენტო განაკვეთებზე და ბანკების მიერ უცხოური ვალუტით დაკრედიტების ტენდენციებზე. მაგალითად, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის მატება ზრდის ბანკებისათვის რესურსის მოზიდვის ხარჯებს და შესაბამისად, ამცირებს უცხოური ვალუტით ეკონომიკის დაკრედიტებას. გარდა ამისა, უცხოური ვალუტით სარეზერვო მოთხოვნები ბუფერის როლსაც ასრულებს და პრუდენციული მიზნებისთვისაც გამოიყენება. მაგალითად, უცხოური ვალუტის მოულოდნელი სწრაფი გადინების შემთხვევაში, ეს რესურსები უცხოური ვალუტის ლიკვიდობის არსებობას უზრუნველყოფს, რითაც კრიზისის რისკებს ამცირებს”, - ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა