დამოუკიდებელი იურისტები პრეზიდენტს მოუწოდებენ, მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და არ მოაწეროს ხელი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის თაობაზე „საერთო სასამართლოების კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტს. ამის შესხებ „ინტერპრესნიუსს“ დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა აცნობა.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი პრეზიდენტმა პარლამენტს უკან უნდა დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით, რომელშიც სრულად იქნება გათვალისწინებული სასამართლოში არსებული კრიზისი, მისი რეალური მიზეზები და შესაბამისად - აისახება საერთაშორისო საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციები. შეზღუდული უფლებამოსილებების მიუხედავად, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვერ იქნება სრულად დისტანცირებული უმნიშვნელოვანესი პროცესებიდან, რომლებიც განსაზღვრავენ თუ როგორ სახელმწიფოში იცხოვრებენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, როგორც დღევანდელი, ასევე მომავალი თაობები.

მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის განცხადების თანახმად, მისი ჩართულობით კანონპროექტის შემუშავების ბოლო ეტაპზე ძალისხმევით კანონპროექტში აისახა ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია. თუმცა, აღვნიშნავთ, რომ არ მოხდა ყველაზე უფრო არსებითი ხასიათის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ნიშნავს იმას, რომ კანონპროექტში ბოლო ეტაპზე შეტანილი ცვლილებები არსებითად ვერ ცვლის სიტუაციას და სამწუხაროდ, კვლავ ტოვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვითნებობის პრაქტიკულად შეუზღუდავ საშუალებას. მაგალითად, ვენეციის კომისიის უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია, შერჩევის პროცესში კენჭისყრის ღიაობის და გადაწყვეტილების დასაბუთების შესახებ, სამწუხაროდ დაუსაბუთებლად არ იქნა გათვალისწინებული. წარმოდგენილი კანონპროექტი საშუალებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ყოველგვარი არგუმენტის და კრიტერიუმის გარეშე, გაუმჭვირვალედ და ბუნდოვანი პროცედურით, კონკურსს მიღმა დატოვოს ღირსეული კანდიდატები. იუსტიციის საბჭოსთვის მოქმედების მკაცრად განსაზღვრული წესების დადგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ვითარებაში,როდესაც არ არის შესრულებული ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, იუსტიციის საბჭოს საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის რეფორმირების თაობაზე, რომელიც კომისიამ ჯერ კიდევ 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მისცა საქართველოს ხელისუფლებას“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, კრიტიკულ ვითარებაში, სახელმწიფოს მეთაურის სწორ და გააზრებულ პოზიციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, პრეზიდენტის როლი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ საპარლამენტო განხილვებში მისი ჩართულობით და არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მან გამოიყენოს ყველა კონსტიტუციური ბერკეტი კრიზისული ვითარების დასაძლევად.

„დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა არაორდინარულ ვითარებაში იმყოფება. სასამართლოს მართავს მოსამართლეთა ჯგუფი - კლანი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებას უწევდა პოლიტიკური დაკვეთების შესრულებას და რომლის მთავარ ფუნქციას მოსამართლეთა ტოტალური კონტროლი და ურჩი მოსამართლეების დასჯა წარმოადგენდა. მოსამართლეთა ეს ჯგუფი კვლავ მოექცა სასამართლო სისტემის მართვის სადავეებთან (იუსტიციის უმაღლეს საბჭოში) და კვლავ მორჩილების ნიშნით, ნეპოტიზმის და ქრონიზმის საფუძველზე არჩევს მოსამართლეობის კანდიდატებს, რისი თვალსაჩინო მაგალითია დეკემბრის ბოლოს პარლამენტისთის წარდგენილი სია. საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული კანონპროექტი კლანის ზეგავლენას კიდევ უფრო აძლიერებს, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს თავისუფლებას, ფარული კენჭისყრით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით შეადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია. მოსამართლეთა ამ ჯგუფისთვის უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევაში ფაქტიურად შეუზღუდავი ძალაუფლების მიცემით, მოხდება სასამართლო სისტემის უზურპაცია კლანის მიერ, ათწლეულების ვადით, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვას, ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.

სწორედ ამიტომ, აღნიშნულ კანონპროექტს მხარს არ უჭერს სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი წარმომადგენელი. ის ასევე უარყოფით შეფასებებს იმსახურებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებში, რომლებიც წლებია, დახმარებას უწევენ საქართველოს არაერთი მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს რეფორმირების საკითხებში“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს, გამოიყენოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადოს აღნიშნულ კანონპროექტს. მათივე ინფორმაციით, იურისტები უახლოეს პერიოდში შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს „სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის შეფასების თაობაზე" რეზოლუციის პროექტს. იურისტები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, ჩაერთონ კონსულტაციებში, როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტთან სასამართლო სისტემის არსებული კრიზისული ვითარებიდან გამოსაყვანად და დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების შესაქმნელად.

მიმართვას ხელს აწერენ იურისტები: ანა ნაცვლიშვილი, მაია ბაქრაძე, კახა კოჟორიძე, კახა წიქარიშვილი, ბესიკ სისვაძე, უჩა ნანუაშვილი, დავით ჯანდიერი, თამარ ლალიაშვილი, ლია მუხაშავრია, ირაკლი კორძახია, ზაზა ხატიაშვილი, მამუკა ნოზაძე, დიმიტრი ხაჩიძე, ირაკლი გაბრიჩიძე, თამარ გეგელია და ბესიკ ლოლაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს