დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა და პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება სთხოვა

პრეზიდენტს ვთხოვთ, საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ხელი არ მოაწეროს და ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს", - ამის შესახებ იურისტმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანა. განცხადებას ხელს 16 პირი აწერს. მათი პრეზიდენტისადმი თხოვნაა, მოსამართლეების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადოს და პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს.

"ჩვენ, დამოუკიდებელი იურისტები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს და ვთხოვთ, რომ არ მოაწეროს ხელი საერთო სასამართლოების კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს და დაუბრუნოს ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით, სადაც ასახული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო საზოგადოება და სახალხო დამცველი აძლევს საქართველოს პარლამენტს. გვინდა, პრეზიდენტს ვუთხრათ, რომ სასამართლო სისტემა არის მძიმე, კრიზისულ ვითარებაში და ეს კანონპროექტი ამ კრიზისულ ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. სასამართლო სისტემა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმყოფება კლანის ხელში და ეს იმ ადამიანების ჯგუფია, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს ორგანიზებას უწევდა ხელისუფლების დაკვეთების შესრულებას. ესენი არიან პოლიტიკური დაკვეთების საუკეთესო ორგანიზატორები და საუკეთესო შემსრულებლებიც. ვერც ერთი და მითუმეტეს, ეს კანონპროექტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თავისი შეხედულებით დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, შედეგს ვერ მიაღწევს", - აღნიშნა წიქარიშვილმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებელ იურისტებსა და პრეზიდენტს შორის დიალოგის შემთხვევაში, ისინი მას სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას აუხსნიან და კანონპროექტის შესახებ მოტივირებული შენიშვნების შემუშავებაშიც დაეხმარებიან.

„ვთვლით, რომ ვინაიდან იურისტები ვართ, სხვაზე უკეთ გვესმის და ვიცით, რა ხდება სასამართლო სისტემაში, ამიტომ კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი შეგვხვდება და ჩვენ სიტყვიერად ავუხსნით, რამდენად რთულია არსებული ვითარება და რა შეიძლება იყოს გამოსავლის გზები. სხვა შემთხვევაში მივიღებთ სასამართლოს, რომელსაც არ ექნება ნდობა მომდევნო 30 წლის განმავლობაში, რაც პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს, ჩვენს განვითარებასა და სამართლებრივ სტაბილურობას. თუ პრეზიდენტი ჩვენთან დიალოგში შემოვა, ჩვენ მას შევთავაზებთ ყველანაირ დახმარებას, რომ პარლამენტს გაეგზავნოს სათანადო მოტივირებული შენიშვნები ამ კანონპროექტთან დაკავშირებით", - განაცხადა წიქარიშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ იურისტები უახლოეს მომავალში მიმართავენ საქართველოს პარლამენტსაც, სადაც შეიტანენ „რეზოლუციის პროექტს, რომელშიც აღწერილი იქნება სასამართლოში არსებული კლანური მმართველობა“.

იხილეთ ვიდეო: დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი პრეზიდენტს სასამართლოებთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა