კახა კალაძე დედაქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს „ვინდამ გრანდ თბილისი“ გახსნას დაესწრო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, გუდიაშვილის №3-ში, მსოფლიო ბრენდის სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (Wyndham Grand Tbilisi) გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნოებს.

თბილისის მერმა სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა, სასტუმროს პროექტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მერიის მხრიდან მსგავსი პროექტების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

„როგორც დედაქალაქის მერს, მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და თბილისს კიდევ ერთი მაღალი კლასის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო შეემატა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში და საქმე ბოლომდე მიიყვანა. აქვე, არ შემიძლია, არ შევეხო ქართველებისა და ებრაელების ურთიერთობას, რომელიც 26 საუკუნეა არსებობს და ის მეგობრობა, რომელიც ჩვენს ხალხს აკავშირებს, ნამდვილად დასაფასებელია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება, ცენტრალური თუ დედაქალაქის ხელისუფლება კი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას ყოველთვის გვერდით დაგიდგებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მათივე ინფორმაციით, სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისის“ პროექტი კომპანია „სიტი ემის“ (City M) 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად განხორციელდა. სასტუმროს გახსნისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მართვას კომპანია McInerney Hospitality International Georgia ახორციელებს.

„სასტუმრო კომპლექსი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და ეროვნული მუზეუმის ისტორიულ შენობებს შორის მდებარეობს. კომპანიამ „სიტი ემ“, პროექტის ფარგლებში, უმაღლესი სტანდარტებით სრულად გაარემონტა 3650 კვ.მ ფართი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცა. სასტუმროში 158 ნომერი, 17 ლუქსი, მათ შორის, ორი საპრეზიდენტო, ხუთი საკონფერენციო სივრცე, ლაუნჯ-ბარი და სამი რესტორანია.

კომპანია Wyndham Hotels & Resorts (ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე: WH) მსოფლიო მასშტაბით, 80-ზე მეტ ქვეყანაში 9 000-მდე სასტუმროს აერთიანებს. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. სასტუმროში 300-მდე ადამიანი დასაქმდება.

სასტუმროს გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა