გიორგი გახარია ადა მარშანიას - თქვენ თუ 4 ახალ ვერტმფრენს შეგვაძენინებთ, მარტო მე კი არა, მთელი სასაზღვრო პოლიცია ძალიან დიდ მადლობას გეტყვით

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატს, ადა მარშანიას მიმართა, რომ ვერტმფრენების შეძენაში დაეხმაროს, რისთვისაც ის და სასაზღვრო პოლიციაც მადლობას გადაუხდის.

როგორც გახარიამ აღნიშნა, 4 ვეტმფრენის გასარემონტებლად ბიუჯეტში სახსრები „ძლივს გამოინახა“.

„ქალბატონ ადას მინდა მადლობა გადავუხადო. ქალბატონო ადა, რომ იცოდეთ, ჩვენ ბიუჯეტში 4 ვერტმფრენის რემონტი გაგვიჭირდა ისევ და ძლივს გამოვნახეთ სახსრები. თქვენ თუ მომავალი წლის ბიუჯეტში 4 ახალ ვერტმფრენს შეგვაძენინებთ, მარტო მე კი არა, მთელი სასაზღვრო პოლიცია და კიდევ ბევრი უწყება ამ ქვეყანაში ძალიან დიდ მადლობას გეტყვით“, - განაცხადა გახარიამ.

ახალი ვერტმფრენების შეძენის აუცილებლობაზე ადა მარშანიამ ისაუბრა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ვერტმფრენები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის აუცილებლობას წარმოადგენს და მის შესაძენად სახსრები გამოინახება.

„ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ, რომ 4 ვერტმფრენი გვეყოლება, მაგრამ დასძინეთ, რომ ეს ახალი ვერტმფრენები არ არის, რაც გულზე ცუდად მომხვდა. რატომ არის ჩვენს ქვეყანაში პრობლემა, რომ ჩვენ შევუძინოთ თქვენს უწყებას და ქვეყანას ახალი ვერტმფრენები, თუ ჩვენ შეგვიძლია 400 მილიონი ლარი გამოძებნოთ, რათა ნატოს გადავურიცხოთ იმ იმედით, რომ კრიზისულ სამხედრო ვითარებაში ალიანსი ჩვენ დაგვიცავს - რაც ძალიან სათუოა, მე ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ. ძალიან მწვავედ ვხედავ რეალობას, რა რეალობაშიც ჩვენი ქვეყანა ცხოვრობს, ძალიან ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით. ე.ი. მოიძებნება 4 ახალი ვერტმფრენისთვის თანხა, თქვენ შემოდით ამ საკითხით პარლამენტში და ჩვენ დაგეხმარებით, მით უმეტეს, რომ ეს ჩვენთვის ფუფუნება არ არის. ეს არის აუცილებელი საგანი თქვენი უწყებისთვის“, - განაცხადა მარშანიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ვერტმფრენი ეყოლება. როგორც მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული ვერტმფრენები კაპიტალურად გარემონტებული იქნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს