ომბუდსმენი პანკისის მოვლენებზე - მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლება ისაუბრებს თემის ყველა წარმომადგენელთან და არა გამორჩეულ წევრებთან, რადგან სასაუბრო არის ყველასთან

მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლება ისაუბრებს თემის ყველა წარმომადგენელთან და არა გამორჩეულ წევრებთან, რადგან სასაუბრო არის ყველასთან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, პანკისელებს არ აქვთ განცდა, რომ ისინი სრულფასოვნად ინტეგრირებულნი არიან ქართულ საზოგადოებაში და აქვთ განცდა, რომ სახელმწიფო მათ ჩაგრავს.

,,პანკისთან დაკავშირებით სახალხო დამცველი დიდი ხანია მუშაობს. ჩვენ წლევანდელ ანგარიშში შევეხეთ იმ პრობლემებს, რაც აწუხებს პანკისის ხეობაში მცხოვრებ მოსახლეობას და გავეცით რეკომენდაციები ხელისუფლების მისამართით. ვფიქრობ, ამ ხეობაში ისევე, როგორც ქვეყნის დანარჩენ ნაწილში განსაკუთრებით მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა და სხვა სოციალური პრობლემები. ყველაზე მწვავე საკითხი, რაც ხეობას აწუხებს არის ის, რომ ისინი არ თვლიან, რომ არიან სრულფასოვნად ინტეგრირებულნი ქართულ საზოგადოებაში და აქვთ უსამართლობის განცდა. განცდა იმისა, რომ მათ სახელმწიფო ჩაგრავს. აგრესია ამ საზოგადოებაში გაჩნდა იმ გამოუძიებელი საქმის ფონზე, რაც ეხება თერმილან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებს, ამიტომ იყო, რომ მე არაერთგზის მოვუწოდე პროკურატურას, დროულად დაასრულოს გამოძიება, ვინაიდან გამოუძიებელი, დაუსრულებელი საქმე რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ზრდის იმ უკმაყოფილებას და აგრესიას, რაც სრულიად სამართლიანად შეიძლება არსებობდეს ამ თემში“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ხელისუფლების მხრიდან უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება პანკისელთა სოციალურ აქტივობებში ჩაბმაზე, მათ ინტეგრაციაზე საზოგადოებაში, მათ დასაქმებასა და განათლების ხარისხის ამაღლებაზე.

„მე მოლოდინი მაქვს ხელისუფლებისგან, რომ თავის პოლიტიკას პანკისთან დაკავშირებით გადახედავს და ის ისაუბრებს თემის ყველა წარმომადგენელთან და არა გამორჩეულ წევრებთან, რადგან სასაუბრო არის ყველასთან. იმედს ვიტოვებ, რომ მათთან კომუნიკაციის დროს არ იქნება საუბარი მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებზე და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ მოვახდინოთ მათი დასაქმება, ინტეგრაცია, განათლების ხელშეწყობა და ა.შ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო