აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი - საქართველო სტაბილურად ვითარდება და სამაგალითოა ბევრი აზიური ქვეყნისთვის

ვფიქრობ, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება და შეიძლება მაგალითი იყოს ბევრი აზიური ქვეყნისთვის, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა ტაკეჰიკო ნაკაომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ADB-ის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ქალაქ ნადიში, კუნძულ ფიჯიზე გაიმართა.

ტაკეჰიკო ნაკაომ ისაუბრა აზიის განვითარების ბანკის სტარტეგიაზე საქართველოს მიმართ და ეკონომიკის განვითარების მთავარ მიმართულებებზე.

„საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ბიზნესის კეთების საკმაოდ მაღალი (Doing business) ინდექსი აქვს. შარშან, ჩემი საქართველოში ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილეთ განვითარების შესაძლებლობები. აუცილებელია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის გზების მშენებლობაში ინვესტირება. მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარება, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფა. ასევე განათლებაში ინვესტირება და ტურიზმის განვითარება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა საქართველოში. მთავარი ამოცანაა, მოხდეს სხვა ქვეყნებთან კავშირების დამყარება. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, კავშირები სხვა ქვეყნებთან და ლოჯისტიკური ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი ტექნოლოგიების, ინტერნეტის განვითარება, განათლება და ფინტექის ინდუსტრიის განვითარება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. ვფიქრობ, რომ საქართველო სტაბილურად ვითარდება და შეიძლება მაგალითი იყოს ბევრი აზიური ქვეყნისთვის“, - განაცხადა ნაკაომ.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდანაა. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ფინანსდება ასევე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები. აზიის განვითარების ბანკი1966 წელს დაარსდა და აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. ამ დროისთვის, საქართველოსთვის გაცემული სესხების ჯამური რაოდენობა 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს