ინტელექტუალურ თამაშში საქართველოს პარლამენტის შესახებ 17 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ

საქართველოს 17 უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ.“

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, თამაშის საპარლამენტო საქმიანობის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და საკანონმდებლო პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის მიზნით გაიმართა. მათივე ცნობით, გამარჯვებული გუნდები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ დააჯილდოვეს.

ზვიად ძიძიგურმა მადლობა გადაუხადა თამაშის ორგანიზატორებს და გამარჯვება მიულოცა სტუდენტებს. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ვიყო. 17 უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ნაკრებებთან მიხვიდე და მიულოცო, ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მინდა კიდევ უფრო მეტი მიმდევარი ჰყავდეს ამ თამაშს საქართველოში“, - მიმართა სტუდენტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

თამაშის განმავლობაში სტუდენტებს 30 შეკითხვა დაუსვეს, რომლებიც საქართველოსა და სხვა ქვეყნების პარლამენტების შესახებ ისტორიულ ცნობებს და გამოჩენილ პარლამენტარებზე ზოგად ინფორმაციას მოიცავდა.

ღონისძიებას გაუძღვა პარლამენტის წევრი და „რა? სად? როდის?“ კლუბის პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. თამაშის მონაწილეებს ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

„ჩვენს ქვეყანას დღეს ძალიან სჭირდება ძლიერი პარლამენტი, ხოლო პარლამენტი მაშინ არის ძლიერი, როცა იგი ღია, გახსნილი და ანგარიშვალდებულია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ სწორედ ასეთი გახდეს პარლამენტი, გაიზარდოს საზოგადოების ნდობა მის მიმართ, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება პარლამენტთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ ახალგაზრდებს გაუჩნდეთ ინტერესი პარლამენტის მიმართ, ვატარებთ თამაშს „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ინფორმაციის გასავრცელებლად იმისათვის, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში“, - განაცხადა ირინა ფრუიძემ.

როგორც ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, ძლიერი დემოკრატია საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს.

„საპარლამენტო საქმიანობაში ახალი თაობის ჩართულობა მეტ ნიჭიერ ახალგაზრდა ადამიანს მოიზიდავს დემოკრატიის ფორმალურ პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ენერგიის გამოყენებას სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად“, - განაცხადა მან.

კარლო ნატალემ ხაზი გაუსვა მოქალაქეთა და განსაკუთრებით ახალგაზრდობის მონაწილეობის მნიშვნელობას სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატიის მისაღწევად. „ევროკავშირი ხელს უწყობს საპარლამენტო რეფორმას საქართველოში და მხარს უჭერს ახალგაზრდების მეტ ჩართულობას პარლამენტის საქმიანობაში“, - განაცხადა კარლო ნატალემ.

ინტელექტუალური თამაშის ორგანიზატორი საქართველოს პარალმენტი იყო, ხოლო მხარდამჭერები - ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით. ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ“ ცნობიერების ამაღლების მიმდინარე კამპანიის ნაწილია, რომელსაც საქართველოს პარლამენტი ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ხელშეწყობით ახორციელებს.

კამპანიის ფარგლებში საქართველოს 15 უნივერსიტეტში პარლამენტის დღეები გაიმართება. დისკუსიები, რომლებშიც სტუდენტები და უნივერსიტეტების თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას, ეხება საქართველოს პარლამენტის ფუნქციებს და საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო ღიაობის გზაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა