ივანე მაჭავარიანი - საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის შეხვედრას

საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, 2021 ან 2022 წელს, მაღალ დონეზე უმასპინძლოს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოში ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების პერსპექტივაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული წინადადება ივანე მაჭავარიანმა ADB-ს პრეზიდენტთან, ტაკეჰიკო ნაკაოსთან და ბანკის დირექტორებთან აზიის განვითარების ბანკის 52-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებებისას დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი.

როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, თბილისში მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, საქართველომ კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და განხორციელებული რეფორმები, მით უფრო, რომ ქვეყანამ 2015 წლის მაისში, წარმატებით უმასპინძლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს.

ფინანსთა მინისტრმა ADB-ს ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა იმ მტკიცე მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი უწევს საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში, ასევე, ქვეყნის ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და ბანკის დირექტორებმა ყურადღება გაამახვილეს 2019-2021 წლების თანამშრომლობის საკითხებზე, ხაზი გაესვა განათლების სფეროს, მათ შორის, პროფესიული განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების პროცესში ADB-ს ჩართულობის მნიშვნელობას.

აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. აღინიშნა ის მზარდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს აქვს ტურისტული სექტორის განვითარების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ADB-ს წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც სწორედ ტურიზმის სფეროს განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე, ბანკის წარმომადგენლები მიესალმნენ ორმხრივი პარტნიორობის პოზიტიურ დინამიკას და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც ნაყოფიერად გაგრძელდება.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ამჟამად, ADB-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.8 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა