ვახტანგ გომელაური - სუს-ი ყველა არსებულ მექანიზმს იყენებს, რათა ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა მოხდეს

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველა არსებულ მექანიზმს იყენებს, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს,“ - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

„გასულ წელს არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის უაღრესად მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან სიმართლის დადგენისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით ნაბიჯები კვლავ არ გადადგმულა. ოკუპაციის მძიმე შედეგს წარმოადგენს 2019 წლის 10 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული და მოგვიანებით გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საქმე. უსაფრთხოების სამსახური იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს, რათა მოხდეს კვარაცხელიას დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ მართული სახიფათო ტენდენცია გამოიკვეთა, რაც IPRM-ის შეხვედრებისთვის პრობლემების მიზანმიმართულად შექმნაში გამოიხატებოდა.

„დე ფაქტო რეჟიმებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შეხვედრების დღის წესრიგიდან, ულტიმატუმის სახით, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და ბაშარულის საკითხების ამოღება მოითხოვეს. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ მათ IPRM-ის შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 2018 წლის 27 ივნისის შემდეგ გალის შეხვედრები კვლავ შეწყვეტილია. შესაბამის უწყებებთან ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) დახმარებით, 2 თვიანი პაუზის შემდეგ აღდგა შეხვედრები ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური IPRM-ის შეხვედრებს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად განიხილავს. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული შეხვედრებისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), გაეროს, ევროსაბჭოს, ეუთოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლობებთან,“ - განაცხადა მან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა