ვახტანგ გომელაური - 2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა

2018 წელს სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა; მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები, - ამის შესახებ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ტერორიზმის თავით გათვალისწინებული დანაშაულებებზე გამოძიება 10 საქმეზე დაიწყო.

გარდა ამისა, გომელაურის ინფორმაციით, 2018 წელს სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაიღუპა, 20-მდე კი კვლავ იბრძვის ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. როგორც სუს-ის უფროსმა აღნიშნა, ქვეყანაში მათ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით, სამსახური განაგრძობს მუშაობას და ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

„ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის, მის საქმიანობაში მონაწილეობისა და დახმარებისათვის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულმა გავლენა იქონია საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრების ტენდენციაზე. 2018 წელს, სირიასა და ერაყში ჩვენი მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები არ დაფიქსირებულა. სამსახურის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების მცდელობის ფაქტები. მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, აღნიშნული მიმართულებით გარკვეული გამოწვევები კვლავ არსებობს. ამ თვალსაზრისით, საქართველო არ განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს. შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას. აღსანიშნავია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა. დოკუმენტი შემუშავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, ასევე სხვა უწყებების აქტიური ჩართულობით. სტრატეგიაში ნათლად არის წარმოდგენილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მიზნები და ამოცანები. სტრატეგიის შექმნის პროცესში გავიზიარეთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. აქტიურად ვთანამშრომლობდით სტრატეგიულ პარტნიორებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან,” - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს