საქართველოს პარლამენტში მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე ფოტო-გამოფენით აღინიშნა

საქართველოს პარლამენტში, დღეს რიგითი სამუშაო დღე ფოტო-გამოფენით დაიწყო, რომელიც მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველო, პრესის თავისუფლების ინდექსით დაწინაურდა.

„საქართველო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში დაწინაურდა პრესის თავისუფლების ინდექსით 40 საფეხურით და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამაში თქვენი დამსახურება ძალიან დიდია და ამისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ, გისურვოთ პროფესიული წარმატება, გისურვოთ უდიდესი წინსვლა პრესის თავისუფლების საქმეში და თქვენი წვლილის შეტანა, რაც უკვე წარმატებით გააკეთეთ,“ - ასე მიულოცა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო ჟურნალისტებს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე.

ჟურნალისტებს დღევანდელი დღე მიულოცა პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველმა, მაგდა ანიკაშვილმა და აღნიშნა, რომ პრესის თავისუფლება არის ყველას პრიორიტეტი და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარლამენტში ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხი იყოს მაღალი.

„პრესის თავისუფლება - ეს არის აბსოლუტური პრიორიტეტი ყველასთვის ამ შენობაში და დარწმუნებული ვარ, თქვენ ამას ძალიან კარგად ხედავთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არათუ ოდნავადაც არ შეიზღუდოს ეს თავისუფლება, არამედ პირიქით, მაქსიმალურად დაგეხმაროთ, რომ თქვენ კომფორტულად გააკეთოთ თქვენი საქმე.

ძალიან ხშირად ამ შენობაში თქვენ ხართ მთავარი გმირები. ეს ყველას ძალიან კარგად გვესმის, თქვენ არა მარტო გადასცემთ ინფორმაციას, არამედ ხშირად ხართ ინტერპრეტატორები და ამ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება პარლამენტს და მინდა გისურვოთ დიდი პროფესიული განვითარება. თავისუფლების გარეშე ეს განვითარება არ იქნება“, - აღნიშნა მაგდა ანიკაშვილმა.

როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფოტოებზე საპარლამენტო საქმიანობის ყოველდღიურობაა აღბეჭდილი.

„ფოტოებზე აღბეჭდილი საპარლამენტო საქმიანობის ყოველდღიურობა, ჟურნალისტები და რესპოდენტები კადრში და კადრს მიღმა. დღეს ყველა თავის თავს ეძებდა, პოულობდა და ყველა ერთად იხსენებდა პარლამენტის და საპარლამენტო ცხოვრების ისტორიას“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 1994 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად 3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. დღესასწაულის თარიღად „ვინდჰუკის დეკლარაციის“ მიღების დღე შეირჩა, რომელიც მთელი მსოფლიოს პრესის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ეძღვნება. „ვინდჰუკის დეკლარაციაში“ წარმოდგენილია თავისუფალი პრესის პრინციპები, რომლებიც 1991 წლის 3 მაისს ნამიბიაში, ვინდჰუკში დამოუკიდებელი აფრიკული პრესის განვითარების ხელშემწყობი იუნესკოს სემინარის მიმდინარეობისას აფრიკელმა ჟურნალისტებმა მიიღეს.

ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს