თბილისში ღონისძიება „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება“ გაიმართა

დედაქალაქში ღონისძიება „ევროპული ხარისხის უმაღლესი განათლება“ გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის “უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაში (ENQA)” გაწევრიანებას მიეძღვნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციაში (ENQA)“ გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უმაღლესი განათლება და მეცნიერება სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს და მიზანი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციაა.

„2019 წელი საქართველოს უმაღლესი განათლებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ხდება ENQA-ს წევრი. მეცნიერების მიმართულებით კი, წლის ბოლომდე EURAXESS-ის წევრებიც გავხდებით, რაც ნიშნავს ევროპასთან მეტ თანამშრომლობას კვლევების მიმართულებით და მეტ შესაძლებლობას ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარებისთვის. როგორც ENQA-ს, ასევე EURAXESS-ის წევრობა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ჩვენი განათლების სისტემისთვის და საქართველოსთვის. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად მთავრობას. მათი მხარდაჭერით, განათლების მიმართულებით საქართველო რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

2019 წელს ფონდი ევროკომისიის ინიციატივაში EURAXESS საქართველოს გაწევრიანებას გეგმავს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, განათლების ექსპერტები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ს პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA)“ წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

„საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდება „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები. ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განაცხადი გააკეთა “უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაში (ENQA)” , რომელიც ევროპაში წარმოადგენს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარების მთავარ მამოძრავებელ ძალას. მისი წევრობა კი გულისხმობს იმის აღიარებას, რომ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სტანდარტები და პროცედურები ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისია. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს ეროვნული უმაღლესი განათლების სისტემის მეტ ინტერნაციონალიზაციას, ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და აღიარებას საერთაშორისო დონეზე,“ - ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

სამინისტროს ინფორმაციით, ENQA-ში ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას და ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა