საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, შეხვედრაში ქართული მხრიდან მონაწილეობა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. მხარეებმა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული პროგრესი განიხილეს.ამასთან, შეხვედრის მონაწილეებმა უსაფრთხოების სამსახურებზე ზედამხედველობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის, ძალოვანი უწყებების რეფორმის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის, საარჩევნო სისტემის დახვეწისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.შეხვედრაზე ძლიერი ინსტიტუტებისა და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის მნიშვნელობას და ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის განსაკუთრებულ როლს გაესვა ხაზი. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობას ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განმტკიცებისა და სახელისუფლებო შტოებს შორის ურთიერთკონტროლისა და ბალანსის გაუმჯობესების საქმეში. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამატებითი რეფორმების განხორციელება გააძლიერებს საქართველოს დემოკრატიას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობდნენ, ხოლო აშშ-ს მხრიდან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე, ალექსანდერ სოკოლოვსკი და დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე, მაიკლ კელერი.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და უმთავრესი მეგობარი სახელმწიფოა, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს და წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. დღევანდელი შეხვედრა, რომლის ფორმატიც მიძღვნილია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა თემისადმი, იყო ძალიან საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული. ამერიკულმა მხარემ მოისმინა, თუ რა რეფორმები მიმდინარეობს საქართველოში და ამავდროულად, ქართულ მხარესაც ჰქონდა შესაძლებლობა მოესმინა ამერიკული მხარის რეკომენდაციები. რომლებითაც მიმდინარეობს პროცესები“, -აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრის შეფასებისას. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზაციის უმთავრეს მექანიზმს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა