კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში თემატური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბში, სტუდენტური შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” ფარგლებში, თემატური შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის მოდერატორები იყვნენ კრეათონის პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი მაია ჯამბაზიშვილი და სტუ-ის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, კრეათონის მონაწილე სტუდენტებს ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ხელოვნების ელემენტების შერწყმის შესაძლებლობებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბის ხელმძღვანელი გიორგი ფრანგიშვილი ესაუბრა. მან ახალგაზრდებს ფაბლაბის კონცეფცია, მიმდინარე პროექტები და შექმნილი პროდუქტები გააცნო. ასევე, ყურადრება გაამახვილა გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე ისეთი ტიპის პროდუქტების შექმნის შესაძლებლობებზე, რაც არა მხოლოდ ქართველ, არამედ საერთაშორისო მომხმარებელსაც დააინტერესებს.

„ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი და ფაბლაბი შეეცადნენ ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ფიროსმანის შემოქმედება და ტესლას ტექნოლოგია. ჩვენი ფაბლაბი ინოვაციებთან არტის ელემენტების შერწყმით ქმნის ისეთ პირველად პროდუქტებსა და იდეებს, რომელთა დანერგვა შესაძლებელია წარმოებაში ან სხვა ტექნოლოგიებში. ფაბლაბ-სტუ-ში ხდება ისეთი იდეების გენერირება, მოდელირება, ბრენდირება და ბიზნესინკუბაცია, რაც სადღეისოდ არის აქტუალური. სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ჩავერთეთ ამ ახალ პროექტში. პირველ რიგში, კრეათონი საინტერესოა არსებული შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარების მხრივ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოდგენილია კულტურული მემკვიდრეობით, ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბი კი, თავისი ინოვაციებითა და ტექნოლოგიების ლაბორატორიით. ჩვენი ინტერესები სრულ თანხვედრაშია. ნებისმიერი ტექნოლოგია მაშინ არის ძლიერი, როცა მას მომხმარებელი, ანუ ფართო მასები იყენებს. ჩვენი მიზანიც ეს არის. ეს UX-დიზაინია, ანუ მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილი დიზაინი“, - აღნიშნა გიორგი ფრანგიშვილმა.

თემატურ შეხვედრაზე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელიც კონკურსში მონაწილის სტატუსითაა ჩართული, სტუ-ის ფაბლაბთან ერთად, ფიროსმანისადმი მიძღვნილი ციფრული პროდუქტების დემონსტრირება მოაწყვეს. პროდუქტები დამსწრეთა თვალწინ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნა.

როგორც მაია ჯამბაზიშვილმა აღნიშნა, კრეათონის ფარგლებში, მონაწილე სტუდენტების დახმარებით, შესაძლებელია შეიქმნას ფიროსმანის შემოქმედებასთან დაკავშირებული მაღალი ესთეტიკური ღირებულების პროდუქტი, რომელსაც შემდგომ მსოფლიო საზოგადოებას შევთავაზებთ.

მისი თქმით, ამ პროცესში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბიც აქტიურადაა ჩართული.

„ეროვნულ მუზეუმში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროდუქტების დანერგვის მიზნით, შევეცადე დავკავშირებოდი ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ სფეროში მუშაობს. ნამდვილად არ მქონდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად დიდი შესაძლებლობები გააჩნდა ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბს, ვგულისხმობ მის პროფესიონალურ და ტექნიკურ თუ ტექნოლოგიურ რესურსებს, ასევე დიდ ენთუზიაზმს. ამ აღმოჩენის გაკეთებაში სწორედ კრეათონის პროექტი დამეხმარა. იმედი მაქვს, რომ ის დიდი რესურსი, რაც სახელმწიფოს მხრიდან ჩადებულია ტექნიკური უნივერსიტეტის ფაბლაბსა და ტექნოპარკში, კულტურული მემკვიდრეობის სახით კი - ეროვნულ მუზეუმში, მობილიზებას გაუკეთებს საზოგადოების დაინტერესებას და მნიშვნელოვან საყრდენს შექმნის ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. რაც მთავარია, ეს წაახალისებს ჩვენს ახალგაზრდებს და შეუქმნის მოტივაციას, რომ ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, რომ უკეთ უპატრონონ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და საერთაშორისო მასშტაბით გაიტანონ მისი სახელი“, - განაცხადა მაია ჯამბაზიშვილმა.

„კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” პირველი ღონისძიებაა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინიცირებული პროექტისა, რომლის კონცეფცია გულისხმობს ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული თემატური კულტურული ტურისტული მარშრუტის შექმნას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ფიროსმანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიასთან დაკავშირებულ ლოკაციებს გააერთიანებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა