საქართველოში „ევროპის დღეები 2019“ იწყება

5 მაისს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული „ევროპის დღეები“ ოფიციალურად დაიწყება და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.

„საქართველოში უკვე მეშვიდედ აღინიშნება „ევროპის დღეები“, რომელსაც საინფორმაციო ცენტრის ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ ატარებს. წლევანდელი ევროპის დღეები, გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბურობით, რადგან საქართველოს რეგიონებში გვექნება ძალიან ინტენსიური დაფარვა, საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ქსელები გაფართოვდა, ამჟამად გვაქვს 10 რეგიონული წარმომადგენლობა. შესაბამისად, ღონისძიებების უმრავლესობა ჩატარდება სწორედ რეგიონებში. საინფორმაციო კამპანიის მიზანია მოსახლეობისთვის იმ სიკეთეების შესახებ ინფორმაციის მიტანა, რაც საქართველოს აქვს ევროინტეგრაციის პროცესში. წელს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი, შესაბამისად, ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც გააკეთებს აქცენტს რომ სხვადასხვა ღონისძიებებით უფრო თვალსაჩინო გავხადოთ ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს ამ 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება უვიზო მიმოსვლა და ა.შ.“, - განაცხადა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

მისივე ინფორმაციით, „ევროპის დღეების“ ფარგლებში წელს უკვე მეექვსედ მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ. სემინარს დაესწრება საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან 150 მასწავლებელი. გამოვლინდებიან წლის განმავლობაში განხორციელებული საუკეთესო პროექტების ავტორი პედაგოგები, რომლებსაც გადაეცემათ სპეციალური პრიზი.

აგრეთვე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართება სემინარი: ევროპა - ისტორიული არჩევანი, რომელსაც, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები (120 მონაწილე) დაესწრებიან.

„ევროპის დღეების“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს: ფართო საზოგადოება, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები. გაიმართება მრავალი ღონისძიება როგორც თბილისში, ასევე, საქართველოს რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიება.

მიმდინარე წელს,“ ევროპის დღეები“ განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

„ევროპის დღეები“ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმართება საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე მრავალი ღონისძიება. მზარდი ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე, მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ინტენსიური დიალოგი და მოქალაქეების აღნიშნულ პროცესში აქტიური ჩართვა, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის წინაპირობაა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს