დავით ბაქრაძე - ჩვენ ახლა ვმკითხაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად, თუ როდის გადაწყვეტს ბატონი ივანიშვილი ამა თუ იმ მინისტრის  შეცვლას

ჩვენ ახლა ვმკითხაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად, თუ როდის გადაწყვეტს ბატონი ივანიშვილი ამა თუ იმ მინისტრის შეცვლას. სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პრემიერ მინისტრის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამა გაწერილია, თუმცა თუ მას რომელიმე რგოლი ვერ შეასრულებს, პრემიერი საკადრო გადაწყვეტილებებს არ გამორიცხავს.

როგორც ბაქრაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება არის ძალიან რთულია.

„სიმართლე გითხრათ პრემიერის ეს განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს ორი მიზეზის გამო. პირველი - მთავრობის ყოფნა-არყოფნა დამოკიდებული რომ იყოს მთავრობის საქმიანობაზე და ქვეყნის წინსვლაზე, დიდი ხნის გასაშვებია სახლში „ქართული ოცნების“ მთელი მთავრობა. მეორე- პრემიერ-მინისტრი არ არის ის ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს მინისტრების დანიშვნის და მოხსნის შესახებ. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მთავრობები, მინისტრები იცვლებიან არა იმის მიხედვით, რა კეთდება ხალხისთვის, არა იმის მიხედვით, რა სჭირდება ქვეყანას, ან თუნდაც როგორია პოლიტიკური ლოგიკა, დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საკადრო გადაწყვეტილებები მიიღება ერთი კაცის სურვილებიდან და მოტივაციიდან გამომდინარე. ამიტომ ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება არის ძალიან რთული და პრაქტიკულად, ეს არის მკითხაობა. ამიტომ ჩვენ ახლა ვმკითხაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად, თუ როდის გადაწყვეტს ბატონი ივანიშვილი ამა თუ იმ მინისტრის შეცვლას. სხვა ლოგიკა აქ არ არსებობს. სამწუხაროდ, დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ერთადერთი ლოგიკა ცვლილებების უკავშირდება ერთი ადამიანის, ივანიშვილის სურვილებს და არა იმას, რა სჭირდება ქვეყანას და საზოგადოებას“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ 2019-2020 წლის სამთავრობო პროგრამა გაწერილია და თუ რომელიმე რგოლი ამ პროგრამის რომელიმე ნაწილის შესრულებას ვერ შეძლებს, მიღებული იქნება შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილებები

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ უახლოეს მომავალში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო